შესავალი

საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს სპეციალურ პროგრამებს და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას სთავაზობს იმავე უფლებებსა და პრივილეგიებს, რაც ხელმისაწვდომია ნებისმიერი ეთნიკური კუთვნილების საქართველოს მოქალაქისთვის - საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მიზნით საერთაშორისო საგანმანათლებლო და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობას. 

აღნიშნული პროგრამების ფარგლებში აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ მოსწავლეებს, სტუდენტებსა და მეცნიერებს წამყვან ამერიკულ, ევროპულ და აზიურ უნივერსიტეტებში სრული ან/და ნაწილობრივი დაფინანსებით სწავლის გაგრძელებისა და სამეცნიერო საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა ეძლევათ. 

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება საშუალებას აძლევს ყველა მსურველს, ხარისხიანი და მაღალი სტანდარტის განათლების მიღების მიზნით, ჩაერთოს შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამებში და სასწავლებლად გაემგზავროს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.