ქეთევან ციხელაშვილი: „კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია“ 17.06.2017

„კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია“, - ამის შესახებ ქეთევან ციხელაშვილმა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.   შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების  - ცერონისის, ავლევის, თამარაშენის და კნოლევის მოსახლეობას შეხვდა. აღნიშნულ სოფლებში მცხოვრებთათვის სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში მოსახლეობას ადგილზე ჩაუტარდა ც ჰეპატიტის სკრინინგი, მსურველები სხვადასხვა პროფილის ექიმებმა გასინჯეს, ადგილობრივებს, კომპანია „ავერსის“  მხარდაჭერით პირველადი მოხმარების მედიკამენტებიც გადაეცათ. სახელმწიფო მინისტრი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად იმყოფებოდა.   „კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე, გამყოფ ხაზთან მცხოვრებ ადამიანებზე, მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ ადამიანებს, მავთულხლართების სიახლოვეს, განსაკუთრებული გამოწვევების ფონზე უწევთ ცხოვრება.  ჩვენი აპარატი  სხვადასხვა სამინისტროსთან ერთად მუშაობს ამ სოფლების საჭიროებებზე  რეაგირებისთვის. ამჯერად, ჯანდაცვის სამინისტროს გუნდთან ერთად გვერდით დაგვიდა კომპანია „ავერსი“ და ვფიქრობ, მოსახლეობისთვის საჭირო და სასარგებლო აქცია განვახორციელეთ. მსგავსი აქციები გამყოფი ხაზის მიმდებარე სხვა სოფლებშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.   სახელმწიფო მინისტრმა ადგილობრივებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია სოფლებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ და მათი პრობლემების შესახებაც მოისმინა.