ქეთევან ციხელაშვილი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა 05.11.2019

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, მოადგილესთან, ლია გიგაურთან ერთად,  სამცხე-ჯავახეთის  სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა.

შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა სტუდენტებთან  სამშვიდობო და  სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკაზე ისაუბრა. მიმოიხილა ნაბიჯები, რომელთაც სახელმწიფო შერიგებისა და ჩართულობის მიმართულებით დგამს. აგრეთვე პროგრამები და პროექტები, რომლებიც სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის ფარგლებში ხორციელდება.

ქეთევან ციხელაშვილის თქმით ახალგაზრდებთან კომუნიკაცია, განსაკუთრებით კი რეგიონებში, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათგან ყოველთვის ღირებული იდეები, შეკითხვები და მოსაზრებები მოდის. 

„როდესაც სამოქალაქო ინტეგრაციაზე ვსაუბრობთ, ვფიქრობ, სწორედ ახალგაზრდები არიან ის ადამიანები, რომლებიც ამ პროცესში ყველაზე მეტად მონაწილეობენ. ამაყი ვარ, რადგან ძალიან კარგად მომზადებული პროფესიონალების ახალი თაობა გვყავს, რომლებიც კარგად ფლობენ როგორც სახელმწიფო ენას, ისე მშობლიურ ენას. ჩვენი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, ძალიან ბევრმა, სტაჟირება სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში გაიარა. პროფესიულ კარიერაში პირველი ნაბიჯები გადადგეს. სტუდენტებს ამ პროგრამებზეც ვესაუბრეთ, რათა შესაძლებლობა ჰქონდეთ მაქსიმალურად ისარგებლონ იმ სიკეთეებით, რომლებიც დღეს მათ სახელმწიფოში იქმნება“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.  ქეთევან ციხელაშვილმა სტუდენტების კითხვებს უპასუხა.

ღონისძიებას აგრეთვე ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი და სამცხე-ჯავახეთის  სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძე.