ქეთევან ციხელაშვილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა 31.10.2019

ახალგორში არსებული ვითარება და ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვით გამოწვეული მძიმე მდგომარეობა იყო საუბრის მთავარი თემა შეხვედრაზე, რომელიც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან, ერიკ ჰოგთან გამართა.

სახელმწიფო მინისტრმა დეტალურად ისაუბრა იმ მძიმე სიტუაციის შესახებ, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზეა შექმნილი. ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს. აღნიშნა, რომ მოსახლეობა ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა და რომ ე.წ. გამშვები პუნქტის დაუყოვნებლივი გახსნა სასიცოცხლოდ აუცილებელია.

საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა, რა თქმა უნდა, მარგო მარტიაშვილის გარდაცვალება იყო, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლისა და თბილისში სამედიცინო დახმარების მიღების საშუალება არ მიეცა. მხარეებმა უკანონო მავთულხლართებისა და ბარიკადების აღმართვის ბოლოდროინდელ ეპიზოდებზეც ისაუბრეს.

შეხვედრის ბოლოს, სახელმწიფო მინისტრმა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და ადგილზე დამკვირვებლების საქმიანობას უმნიშვნელოვანესი უწოდა.