„ახალგაზრდა ევროპელი ელჩები"-ის პროექტის მონაწილეებისთვის მოსამზადებელი სემინარები დაიწყო 09.10.2019

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, საქართველოში მიმდინარე ნატოს დღეები 2019-ის ფარგლებში პროექტის „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ მესამე ნაკადისთვის მოსამზადებელი სემინარი დაიწყო. პროექტის მესამე ნაკადში მონაწილეობენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდები როგორც თბილისიდან, ასევე, ქვემო ქართლიდან, კახეთიდან, სამცხე ჯავახეთიდან.

სემინარის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, საქართვლოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა და აშშ საერთაშორისო განვითარებისსააგენტოს (USAID) წარმომადგენელმა თამარ სირბილაძემ.

„ესენი არიან „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“, რომლებიც თავად ჩადიან რეგიონებში, ასობით სოფელში ხვდებიან თანატოლებს, სოფლის მოსახლეობას, სხვადასხვა ჯგუფს და თავად უხსნიან რა არის და რას გულისხმობს ჩვენი ინტეგრაცია ევროკავშირთან და ნატოსთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და უკვე ორი წლის განმავლობაში ჩვენ 5000-ზე მეტ ადამიანს მივაწოდეთ ინფორმაცია სწორედ აი ამ ახალგაზრდების გამორჩეული მონდომებით და შრომით. ისინი მომზადებას გადიან, როგორც ტრენერები,  თავად იღებენ ყველა ინფორმაციას რაც მათ აინტერესებთ ევროინტეგრაციისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ და შემდეგ უკვე ამ ინფორმაციას რაიონებში ავრცელებენ. ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით  რუსული პროპაგანდის ფონზე, როდესაც ათასი მითი ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, რომ ვითომ და ევროინტეგრაცია, ევროატლანტიკური ინტეგრაცია რაიმე საფრთხეს უქმნის ან ჩვენს იდენტობას ან კულტურას და ასე შემდეგ, რაც არის რა თქმა უნდა აბსოლუტურად მცდარი და ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ არაკეთილგანწყობა გამოიწვიოს მოსახლეობაში და შეამციროს ის დიდი მხარდაჭერა, რომელიც ამ კურსს საბედნიეროდ აქვს წლების განმავლობაში. ძალიან მნიშვნელოვანია ყველა კითხვას გაეცეს პასუხი და არამხოლოდ მითების ჭრილში, ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებმა თავად იგრძნონ სარგებელი ამ პროცესიდან. იგივე თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებიდან, უვიზო მიმოსვლის შეთანხმებიდან. საბოლოო ჯამში ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია მიმართულია იქითკენ, რომ ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობა და უსაფრთხოება იქნას უზრუნველყოფილი“- აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.

პროექტის პირველი კომპონენტი მოიცავს ტრენერთა სკოლას, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები ხვდებიან სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებსა და მოწვეულ ექსპერტებს, ისმენენ ინფორმაციას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე, ევროპული ღირებულებების, ქვეყნის სამომავლო პერსპექტივების და მისწრაფებების შესახებ.

პროექტის შემდგომ ეტაპზე, ტრენინგის მონაწილეები გახდებიან თანატოლგანმანათლებელები /მულტიპლიკატორები, რომლებიც რეგიონში გაავრცელებენ ინფორმაციას და ჩაატარებენ საინფორმაციო შეხვედრებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობისა და დასავლური ღირებულებების შესახებ ორ სამიზნე ჯგუფთან: მშობლებსა და პედაგოგებთან და სკოლის მოსწავლეებთან.

პროექტი „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ 2017 წლიდან ხორციელდება და წარმოადგენს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოს გაეროს ასოციაციის ერთობლივ ინიციატივას, რომელიც USAID-ის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის” [PITA] ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობით ხორციელდება.