„იმედი გვაქვს, საერთო რეაქციებით შევძლებთ მოსახლეობისათვის აქტუალური საკითხები მოგვარდეს და ახალგორის მიმართულებით მიმოსვლა გაიხსნას“ 13.09.2019

ახალგორის მიმართულებით ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვა და ამით გამოწვეული პრობლემები იყო საუბრის მთავარი თემა შეხვედრაზე, რომელიც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, ტოივო კლაართან გამართა.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, შეხვედრაზე არაერთი საკითხი დაისვა,  რომელიც მნიშვნელოვანია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში როგორც უსაფრთხოების, ისე ჰუმანიტარული თვალსაზრისით.

„ყველაზე მწვავე საკითხი, რა თქმა უნდა, ახალგორის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელის ჩაკეტვა გახლდათ, რაც ახალგორელებისათვის და არა მხოლოდ მათთვის, ძალიან მძიმე ყოველდღიური გამოწვევაა, რადგან მათთვის გადაადგილება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საჭიროებებს უკავშირდება. არაერთი ადამიანი ელოდება, რომ მიმოსვლა დაუყოვნებლივ გაიხსნას.

„ასევე, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ შეზღუდვებზე ენგურის  მიმართულებით ე.წ. გადასასვლელი პუნქტის გავლით და ზოგადად, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვაზე, რითაც საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ თუ ოკუპირებული ტერიტორიაზე მცხოვრები ათასობით ადამიანი ზარალდება, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა.

„ვისაუბრეთ პროვოკაციების მთელ იმ კასკადზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში როგორც გუგუტიანთკარში ისე ჩორჩანას მიმდებარედ და ასევე, ჩვენი თანამოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით. საერთო ინტერესი გახლავთ ის, რომ არავითარი ესკალაცია არ მოხდეს და როგორც ჰუმანიტარული მდგომარეობა, ისე  უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაცია გაუმჯობესდეს“, - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, პარტნიორებს  ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო  პოზიცია აქვთ.

„რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს, რომ საერთო რეაქციებით შევძლებთ, პირველ რიგში, მოსახლეობისათვის აქტუალური საკითხები მოგვარდეს, ახალგორის მიმართულებით მიმოსვლა გაიხსნას, მოიხსნას შეზღუდვები ენგურზე და ზოგადად, გადაადგილების თავისუფლების მაღალ ხარისხზე ვისაუბროთ, რაც ყველასთვის მნიშვნელოვანია.  ასევე, რა თქმა უნდა, არ იქნას დაშვებული არანაირი ესკალაცია ჩორჩანას მიმდებარედ და საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან უკანონო ქმედებები შეკავებული იქნას,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.