„შევხვდით მოსახლეობას, ვესაუბრეთ და ავუხსენით, რომ არანაირი საშიშროება არ არსებობს და შეუძლიათ სოფელში ცხოვრება მშვიდად გააგრძელონ“ 30.08.2019

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ზვიადაძე სოფელ ჩორჩანაში იმყოფებოდა.

თავდაპირველად იგი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილ პოლიციის საგუშაგოზე მივიდა, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების წარმომადგეენლებს ესაუბრა და ადგილზე სიტუაციას გაეცნო.

მოგვიანებით კი ხაშურის მაჟორიტარ დეპუტატთან სიმონ ნოზასთან, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან- გუბერნატორთან გიორგი ხოჯევანიშვილთან და  მის მოადგილესთან ამირან ქრისტესიაშვილთან ერთად  ჩორჩანას მოსახლეობას შეხვდა. საკანონმდებლო ორგანოს, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას არსებული სიტუაცია გააცნეს და მათგან სოფლის პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

„როგორც ვიცით, ადგილზე 18 კომლი ცხოვრობს. ზაფხულში მოსახლეობა იმატებს. ამ ადამიანებს აქვთ გაზგაყვანილობა, ახლა მოსაგვარებელია შიდა სასოფლო გზები. სოფელს ემსახურება სკოლის ავტობუსი, აქვს მთის სტატუსი. თუმცა არსებობს პრობლემებიც.

„პირველ რიგში აქ დღეს უსაფრთხოების თემა იყო. მოსახლეობას ავუხსენით შექმნილი სიტუაცია.მოგეხსენებათ, სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე, ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით, ქართული საგუშაგო მოეწყო. შესაბამისად, ის გაუგებრობები, რომლებიც ბოლო ორი დღის განმავლობაში იყო, რა თქმა უნდა, ადგილობრივებისთვის შეშფოთების საგანი გახდა. შევხვდით, ვესაუბრეთ, ავუხსენით, რომ არანაირი საშიშროება არ არსებობს და შეუძლიათ სოფელში ცხოვრება მშვიდად გააგრძელონ,” - განაცხადა ზვიად ზვიადაძემ.