"თითოეული ჩვენგანის ინტერესშია იყოს მშვიდობა და რაიმე დამატებითი რისკები არ შეიქმნას“ 29.08.2019

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებთან და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, საოკუპაციო ძალა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ხაზს მიღმა მოძრაობს თვითნებურად, ისევე როგორც წლების განმავლობაში სამხედრო ბაზების მშენებლობა მიმდინარეობს.

„ეს იმ ვითარებაში, როცა საერთაშორისო დამკვირვებლებს, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას არ ეძლევა საშუალება, რომ მანდატი შეასრულოს და საოკუპაციო ხაზს მიღმა წვდომა ჰქონდეს.

„მოგეხსენებათ, სამწუხაროდ, საქართველოს შუაგულში - როგორც ხაშურის, ისე კასპის, გორის, დუშეთის, საჩხერის, ქარელის მუნიციპალიტეტებში  2008 წლიდან მოყოლებული არის ოკუპირებული სოფლები და ამ პერიმეტრზე საოკუპაციო ძალა, საოკუპაციო ხაზს მიღმა გადაადგილდება, ისევე როგორც ამას ადგილი ჰქონდა ამ დღეების განმავლობაში, სოფელ წნელისის მიმდებარე ტერიტორიაზე.

„დღეს ერგნეთში შედგა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა, საბოლოოდ, ცხინვალის დე-ფაქტო წამომადგენლების გასვლის გამო ვერ დასრულდა. ქართული მხარისათვის ეს შეხვედრები, ზოგადად,  მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, ამჯერადაც ისეთი საკითხების განსახილველად, რომლებიც უკავშირდება  უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მაღალი მნიშვნელობის თემებს. მოგეხსენებათ, ამ თვის განმავლობაში არაერთ პროვოკაციულ მოქმედებას ჰქონდა ადგილი. იგივე  გუგუტიანთკარში უკანონო ბარიკადების მშენებლობას, ადგილობრივების დაკავებას, გადაადგილების თავისუფლების დამატებით შეზღუდვებს და ყველა ეს საკითხი, რა თქმა უნდა, დღის წესრიგში გახლდათ. ამიტომ, ნამდვილად არ შეიძლება კითხვის ნიშნები ისმებოდეს ამ ფორმატის მნიშვნელობასთან დაკავშირებით და  მიუღებელია ნებისმიერი მცდელობა ან მუქარა  ფორმატის ჩაშლისა.  

„რაც შეეხება ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის საგუშაგოს მოწყობას, ამასთან დაკავშირებით ოსურ და რუსულ მედიასაშუალებებში ბოლო დღეების განმავლობაში არაერთი განცხადება გავრცელდა, რომლებიც შემაშფოთებელია. ცხადია, ამ განცხადებების შინაარსის განხილვაში ვერ შევალთ და არც არის მიზანშეწონილი, ვინაიდან ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს პოლიციის მოქმედებაზე საქართველოს ტერიტორიაზე, მითუფრო  ეს სეგმენტი  გახლავთ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი  ტერიტორია. მე არ ვიცი  რას ემსახურება ეს, თუმცა მინდა მოვუწოდო ყველა პირს, რომელიც მსგავს განცხადებებს აკეთებს, რომ თავი შეიკავონ ასეთი ტიპის განცხადებებისა და მითუფრო, მოქმედებებისაგან, რომლებიც  ცალსახად აღიქმება როგორც ვითარების ესკალაციის მცდელობა და შესაძლოა ადგილზე უსაფრთხოებისათვის დამატებით რისკებს აჩენდეს.

„ჩვენ გვქონდა არაერთი კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შედგა შეხვედრები დიპლომატიურ კორპუსთან, არაერთი კომუნიკაცია ჟენევის თანათავმჯდომარეებთან, რომლებიც ასევე იყვნენ წარმოდგენილნი დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ჩართული გახლავთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ თითოეული ჩვენგანის ინტერესშია იყოს მშვიდობა და რაიმე დამატებითი რისკები არ შეიქმნას“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.