"სახელმწიფო გააძლიერებს ამ ადამიანების დახმარებას და ეს არის ჩვენი პასუხი მავთულხლართების პოლიტიკაზე" 15.08.2019

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი  ქეთევან ციხელაშვილი სოფელ გუგუტიანთკარში იმყოფებოდა, სადაც არსებულ ვითარებას გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.  

სახელმწიფო მინისტრმა დეტალური ინფორმაცია მიიღო უკანონო მავთულხლართების გავლებით გამოწვეული შედეგებისა და მოსახლეობის საჭიროებების შესახებ.  

,,სამწუხაროდ ის, რასაც ახლა ვხედავთ - უკანონო მავთულხლართებსა დაბარიკადებს,   არ არის ახალი მოვლენა. რაც დღეს გუგუტიანთკარში ხდება  - უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია, არის მანიფესტი იმისა, რომ ძალიან ცოცხალი, მიმდინარე ოკუპაციის პირობებში ვცხოვრობთ და პროცესი, ფაქტობრივად, 2008 წლის ზუსტად ამ თვიდან, აგვისტოდან დაიწყო. ასეთი შეღობვები 2009-2011 წლებში იყო, 2013 წელსაც იყო  მსხვილი ეპიზოდები. ჩვენი ქვეყნის შუაგულში ასზე მეტი სოფელი სხვადასხვა ფორმით გახლეჩილია. მათი სამეურნეო მიწები მავთულხლართებით არის დასერილი.

 „აშკარაა, მე დღეს რაც აქ ვნახე- ამ სოფელში, სადაც უკვე გავლებულია მავთულხლართები, მეორე რიგის ბარიკადების მშენებლობა სხვას არაფერს ემსახურება თუ არა დამატებით დაძაბულობის შექმნას, რაც ადამიანების წინააღმდეგ მიმართული ზომაა. ჩემი დღეს აქ ჩამოსვლის მთავარი ამოცანა ის გახლავთ, რომ მოსახლეობას შევხვდი და ვითარება  ჩემი თვალით ვნახე. აქ სახელმწიფოს წარმომადგენლები მუდმივად იმყოფებიან. ჩემი ამოცანაა,  ამ ადამიანების წინააღმდეგ მიმართული საოკუპაციო პოლიტიკის შედეგად გამოწვეული ზარალი ან ზიანი, რომელიც მოსახლეობას მიადგა, დავადგინოთ და რა თქმა უნდა,   მოსახლეობის გვერდში დგომა კიდევ უფრო გავაძლიეროთ.  

„ისინი აკეთებენ მაქსიმუმს იმით, რომ აქ არიან, ამ მიწაზე მაგრდებიან და ძალიან მედგრად, შეუპოვრად აგრძელებენ ცხოვრებას. ეს აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. თქვენ იცით, რომ 5 წლის განმავლობაში ჩვენ ყველა სოფელს, რომელიც მავთულხლართების გასწვრივ არის, ვეხმარებით და ვცდილობთ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საჭიროებებს, რაც მათ დაგროვილი ჰქონდათ წინა წლებში,  ვუპასუხოთ. იქნება ეს გაზი, წყალი, სტუდენტების დაფინანსება და ასე შემდეგ.

„მხარდაჭრა მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება ამ სოფელში და მიმდებარე სოფლებშიც, სადაც არანაკლები პრობლემებია. სახელმწიფო გააძლიერებს ადამიანების დახმარებას. ეს არის ჩვენი პასუხი მავთულხლართების პოლიტიკაზე. დარწმუნებული ვარ, ასეთი შეუპოვრობით, მშვიდობით, ძალიან პრინციპული პოლიტიკით, პირველ რიგში, ამ ადამიანების გვერდში დგომითა და ამ ადამიანების ასეთი შეუპოვრობით, შევძლებთ, რომ ეს მახინჯი მავთულხლართები  მშვიდობიანი გზით დავშალოთ“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

ქეთევან ციხელაშვილის ჩასვლამდე, გუგუტიანთკარში, სახელმწიფო მინისტრის აპარატს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებიც მიმდინარე პროცესებს დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ.