ლია გიგაური სოფლების - განთიადის, ჯავახისა და შინდლარის მოსახლეობას შეხვდა 13.08.2019

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში - განთიადში, ჯავახსა და  შინდლარში იმყოფებოდა, სადაც მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრებზე, რომელთაც საკანონმდებლო ორგანოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რეგიონში არსებული გამოწვევები და ის საკითხები მიმოიხილეს, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს.

ადგილობრივებმა, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა,  დეტალურად ისაუბრეს მათ საჭიროებებზე, რომლებიც ინფრასტრუქტურულ საკითხებს - წყლით მომარაგებას, გზებს, ქუჩებისა და  სკოლების კეთილმოწყობას უკავშირდება.

შეხვედრებზე მოსახლეობას მათ  სოფლებსა და ზოგადად, რეგიონში დაგეგმილი პროექტების შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, აგრეთვე, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა თითოეულ კითხვას ამომწურავად უპასუხეს.

„დღეს დმანისის მუნიციპალიტეტში სამი სოფლის მოსახლეობას შევხვდით. ასეთი უშუალო და გახსნილი შეხვედრები მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ქვეყნის ბიუჯეტი მოსახლეობის საჭიროებების შესაბამისად,  მათი ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმოს. ამ გზით შესაძლებელია უფრო ახლოს მივიდეთ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებთან, მაქსიმალურად გაიზარდოს მათი ჩართულობა და მონაწილეობა დაგეგმვის პროცესში, გვქონდეს საშუალება მოვისმინოთ შეფასებები მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით და ერთად განვსაზღვროთ ახალი პრიორიტეტები.  

„დღევანდელ შეხვედრებზე განსაკუთრებულად გამოიკვეთა სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემატიკა, სამედიცინო სერვისების ეფექტურობის გაზრდის საჭიროება. მოსახლეობა გახსნილად ლაპარაკობს პრობლემებზე, რადგან სჯერათ, რომ მათი რეკომენდაციები უყურადღებოდ არ დარჩება და ხელისუფლება მათ მოსაგვარებლად მაქსიმუმს გააკეთებს“, - განაცხადა ლია გიგაურმა.