Amnesty International: „საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა, რათა აიძულოს რუსეთი შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები“ 03.07.2019

“საერთაშორისო ამნისტია” მიიჩნევს, რომ „ბორდერიზაცია“ უარყოფითად აისახება ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობაზე, უზღუდავს მათ გადაადგილების თავისუფლებას და პირად თავისუფლებას, აუარესებს მათი ცხოვრების სტანდარტს და აღრმავებს დისკრიმინაციულ მიდგომებსა და ზომებს,” - ამის შესახებ  Amnesty International-ის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც საზოგადოებას დღეს წარედგინა. იგი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფი ხაზების მიმდებარედ მცხოვრებ კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას ეხება, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში რუსეთის ძალების მიერ მავთულხლართებისა და დამატებითი ხელოვნური ბარიერების აღმართვის შედეგად კიდევ უფრო მეტად დაზარალდნენ.

ანგარიშში ნათქვამია, რომ „ბორდერიზაციამ“ ადგილობრივი მოსახლეობის ისედაც რთული სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. ადგილობრივებმა საძოვრებზე, სახნავ-სათეს მიწებზე, ხეხილის ბაღებზე, ტყის რესურსებზე და წყლის რესურსებზე წვდომა დაკარგეს, რამაც მათ ერთადერთი საარსებო წყარო წაართვა.

„ამავდროულად, გადასასვლელების დახურვამ, ადგილობრივებს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ ვაჭრობის შესაძლებლობაც შეუზღუდა, რამაც,  თავის მხრივ,  მათი ცხოვრების დონე გააუარესა.  „ბორდერიზაცია“ და შეზღუდული გადაადგილება უარყოფითად აისახება ოჯახური ცხოვრების უფლებაზე. ოჯახის წევრები, რომლებიც ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ, ერთმანეთის მონახულებას ან საერთოდ ვერ ახერხებენ, ან პროცესში ბევრ სირთულეს აწყდებიან. სამხრეთ ოსეთთან/ცხინვალის რეგიონთან ახლოს მდებარე რამდენიმე რელიგიური ნაგებობა და სასაფლაო მავთულხლართებს მიღმა ან მასთან ძალიან ახლოს აღმოჩნდა. ამის გამო, ადგილობრივებს საფლავებისა და ეკლესიების მონახულების საშუალება შეეზღუდათ, რაც ლახავს მათი რელიგიისა და კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებას,” - ვკითხულობთ ანგარიშში.

მასში წარმოდგენილი მიგნებები უმეტესად დაზარალებულთა მონაყოლს ეფუძნება, რომელიც „საერთაშორისო ამნისტიამ“ 2018 წელს მოისმინა. კვლევის პროცესში, საერთაშორისო ამნისტიის წარმომადგენლები „ბორდერიზაციის“ შედეგად დაზარალებულ 150-ზე მეტ ადამიანს გაესაუბრნენ.

„ამ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვაზე და აღსრულებაზე უპირატესი ვალდებულება რუსეთს გააჩნია. რუსეთმა და დე ფაქტო მთავრობებმა უნდა უზრუნველყონ ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლება; ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე დაწესებული შეზღუდვების არსებული დონე გაუმართლებელია. ყველას, ვინც მოწყვეტილია ოჯახებსა და საარსებო წყაროებს, მათ შორის მათ, ვინც საქართველოს მიერ კონტროლიტებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს და სახნავ-სათესი მიწები რუსეთის მიერ დაწყებული „ბორდერიზაციის“ პროცესის შედეგად დაკარგა, უნდა მიეცეს საკუთარი მიწების გამოყენების შესაძლებლობა და ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალება.

“საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა, რათა რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებასთან ერთად ამ ანგარიშში ასახული ადამიანის უფლებათა დარღვევები გადაჭრას და აიძულოს რუსეთი შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები. ამასთანავე, საერთაშორისო თანამეგობრობამ ძალისხმევა არ უნდა დაიშუროს, რომ მოხდეს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების დაშვება, რაც 2008 წლის ომის შემდეგ არ განხორციელებულა,” - ნათქვამია ანგარიშში.

კვლევის მიგნებებზე დაყრდნობით, საერთაშორისო ამნისტია ყველა შესაბამის აქტორს მოუწოდებს  პატივი სცეს და შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები.