"ყველა შესაბამის სტრუქტურასთან ერთად ინტენსიურ რეჟიმში ვართ ჩართულნი, რათა უკანონო შეზღუდვა მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოიხსნას" 28.06.2019

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ენგურის ხიდზე მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს:

„ჩემთვის ახლა მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს იმ ადამიანების ინტერესებზე ზრუნვა, რომლებიც ამ უკანონო შეზღუდვით  ყველაზე მეტად ზარალდებიან. შესაბამისად, ყველა სხვა შესაბამის სტრუქტურასთან ერთად ძალიან ინტენსიურ რეჟიმში ვართ ჩართული, რათა უკანონო შეზღუდვა მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოიხსნას.

„ჩვენ უკვე გუშინდელი დღიდან გვაქვს კომუნიკაცია ყველა ფორმალური თუ არაფორმალური არხით. მათ შორის ჩვენი პარტნიორების მეშვეობით. ამ საკითხთან დაკავშირებით, მე ვიცი, რომ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოწვევა და წუხილი, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აქვს, ახალგაზრდების გადაადგილებას უკავშირდება, მათ მონაწილეობას ეროვნულ გამოცდებში. განათლების სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ, რათა გალელ აბიტურიენტებს არ ჰქონდეთ შეფერხება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უმაღლეს  სასწავლებლებში წვდომაზე.  მინდა დავაიმედო მოსახლეობა და დავარწმუნო, რომ ყველა ნაბიჯი ახლაც და შემდგომაც, განსაზღვრული იქნება მათი ინტერესების მიხედვით და მათ დასახმარებლად მაქსიმალურს გავაკეთებთ. პოლიტიკურ შეფასებებს ცოტა მოგვიანებით გავაკეთებ, ახლა ჩემთვის მთავარი პრიორიტეტი ისაა, რომ მოსახლების ინტერესები არ დაზარალდეს და ყველაფერი ვცადოთ, რათა უკანონო შეზღუდვა მაქსიმალურად მოკლე ვადაში გაუქმდეს“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.