„დარწმუნებული ვარ ერთობლივი მუშაობით შევძლებთ მავთულხლართების იზოლაციაში მყოფ ადამიანებს მდგომარეობა გავუუმჯობესოთ“ 24.06.2019

ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება იყო საუბრის მთავარი თემა შეხვედრაზე, რომელიც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა გაეროს ახალ მუდმივ კოორდინატორთან საბინე მახლისთან გამართა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებსა და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციაზე. დეტალურად ისაუბრა გალსა და ახალგორში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მდგომარეობაზე.

„გაერო სამშვიდობო პროცესში ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია. მათი საქმიანობა აფხაზეთში ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებისკენაა მიმართული. ასევე იქითკენ, რომ მშვიდობასა და ნდობის მშენებლობას შეეწყოს ხელი. ჩვენთვის პარტნიორებთან კოორდინირებულად მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს  ახალ წარმომადგენელთან დეტალურად ვისაუბრეთ  ჩვენს საქმიანობაზე, სამშვიდობო ინიციატივით „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ გათვალისწინებულ ღონისძიებებსა და იმ გეგმებზე, რომლებიც ერთად უნდა განვახორციელოთ.

„მოხარული ვარ, რომ გაეროს სრული ღიაობა და მზაობა აქვს  იმისათვის, რომ თანამშრომლობა არა მხოლოდ გაგრძელდეს, არამედ გააქტიურდეს. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი მუშაობით შევძლებთ, რომ ფაქტობრივად მავთულხლართების იზოლაციაში მყოფ ადამიანებს მდგომარეობა გავუუმჯობესოთ და რაც მთავარია, სამშვიდობო პროცესს გარკვეული დინამიკა შევძინოთ. ახალი სამშვიდობო ინიციატივების ფონზე უკვე ძალიან ბევრი იმედისმომცემი ნიშანია. გაზრდილია მოთხოვნა ადამიანურ კონტაქტებზე, საერთო ინტერესების გარშემო თანამშრომლობაზე. ჩვენი ამოცანაა ამ გაზრდილ ინტერესს ვუპასუხოთ“, -განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.