ქეთევან ციხელაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციის „The Heritage Foundation“ საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორს შეხვდა 18.06.2019

საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ იყო საუბრის მთავარი თემა შეხვედრაზე, რომელიც შერიგების ადა სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციის „The Heritage Foundation“ საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორთან, ლიუკ კოფისთან გამართა.

სახელმწიფო მინისტრმა დეტალურად მიმოიხილა ინიციატივის არსი და სიკეთეები, რომელთაც იგი მოიცავს. ისაუბრა  იმ სარგებელზე, რომელსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე  და გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობა მის ფარგლებში მიიღებს. საუბარი აგრეთვე შეეხო პროექტებს, რომელთა მიზანიც კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების მხარდაჭერაა გამყოფი ხაზების ორივე მხარეს.

მხარეებმა  ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაციაც მიმოიხილეს. სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ რთულ პირობებზე, რომელში ცხოვრებაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მოსახლეობას უწევს. ისაუბრა გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრები ადამიანების გამოწვევებზე და პრობლემებზე, რომელთაც თავისუფალი მიმოსვლის შეზღუდვა ქმნის.

ქეთევან ციხელაშვილმა სტუმარს ეთნიკური უმცირესობების მდგომარეობის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. გააცნო სახელმწიფოს პოლიტიკა მათი უფლებების დაცვასთან დაკავშირებით. ისაუბრა არსებულ პროგრესსა და იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც ქვეყანა ჯერ ისევ დგას. 

შეხვედრის ბოლოს მხარეებმა ურთიერთობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს. დაისახა კონკრეტული გეგმები.