"ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელი ახალგაზრდებისათვის სკოლის შემდგომი განათლების ცენტრი ავამოქმედეთ" 19.04.2019

„ჩვენ გადავდგით ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი - ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელი ახალგაზრდების უკეთესი მომავლისათვის ავამოქმედეთ ახალი, სრულიად უნიკალური, სკოლის შემდგომი განათლების ცენტრი თბილისსა და ზუგდიდში, რომელიც უგამოცდოდ, უფასოდ, 150 ლარიანი სტიპენდიით, ასევე გამარტივებული წესით ხელს შეუწყობს მათ მოხვედრას უმაღლეს სასწავლებლებში“, – ეს განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა მთავრობის სხდომის დასულების შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა.

მისი განმარტებით, აღნიშნული წამოწყება ეხმიანება საქართველოს მთავრობის მთავარ პრიორიტეტს, იმ დიდ საგანმანათლებლო რეფორმას, რომელიც, ამბიციური და საეტაპო მნიშვნელობის გეგმაა.

„ ჩვენ ვიცით თუ რა რთულ გარემოში უწევთ დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე  ადამიანებს განათლების მიღება და ასევე განათლების გადაცემა პედაგოგებსა და დირექტორებს მოსწავლეებისათვის. განსაკუთრებით გალსა და ახალგორში, სადაც მიმდინარეობს მოსახლეობის ეთნიკური დისკრიმინაცია, მშობლიურ ენაზე განათლების შესაძლებლობის სრული შეზღუდვა, მუქარა და ზეწოლა. ამ პირობებში   ბევრს არ ჰქონდა სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობა, რომ თუნდაც ეროვნული გამოცდები ჩაებარებინა, მოხვედრილიყო საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში და იმ კვოტებით ესარგებლა, რაც მომავალშიც გაგრძელდება. დღეს კი მათ ექნებათ შესაძლებლობა ამ ცენტრში მიიღონ არა მხოლოდ უფასო განათლება, არამედ სტიპენდია და იყვნენ უზრუნველყოფილნი საცხოვრებლითაც. ვიცი, რომ ეს მათთვის ძალიან დიდი შეღავათია.

„ამ პროგრამით უკვე 142 ახალგაზრდა სარგებლობს და მგონია, რომ ეს ერთ-ერთი გამორჩეული ნაბიჯია მას შემდეგ, რაც ახალი სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში ჩვენ არაერთი პროექტი ავამოქმედეთ. მოგეხსენებათ, ახლახან ასევე დავიწყეთ საგრანტო პროგრამა „აწარმოე უკეთესი მომავლისათვის“, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლებს ფინანსურ რესურსს სთავაზობს იმისათვის, რომ გამყოფი ხაზების გასწვრივ ეკონომიკური საქმიანობა განახორციელონ. უკვე გვყავს 60-ზე მეტი აპლიკანტი როგორც აფხაზეთიდან, ისე ცხინვალის რეგიონიდან და ვფიქრობ, რომ ადამიანებისათვის ეს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.  

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისათვის სკოლისშემდგომი მომზადების პროგრამა გუშინ ამოქმედდა.