ქეთევან ციხელაშვილი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პარლამენტის სენატის პრეზიდენტს შეხვდა 16.04.2019

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პარლამენტის სენატის პრეზიდენტს, ფეისალ ალ-ფაიეზსა და მის თანმხლებ დელეგაციას შეხვდა. 

შეხვედრის მთავარი თემა განგრძობითი ოკუპაცია და მის მიერ გამოწვეული შედეგები იყო.  სახელმწიფო მინისტრმა სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და გამყოფ ხაზებზე შექმნილ ვითარებაზე, არსებულ საფრთხეებზე, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ გამოწვევებზე.

საუბარი შეეხო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობას, ყურადღება გამახვილდა გალისა და ახალგორის რაიონებში შექმნილ ვითარებაზე.

ქეთევან ციხელაშვილმა სტუმრებთან საქართველოს ხელისუფლების შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის პრიორიტეტებზეც ისაუბრა. იმსჯელეს ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. იმ ყველა შეღავათსა თუ სერვისზე, რომელთაც აღნიშნული ინიციატივა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობისათვის ითვალისწინებს.

შეხვედრის ბოლოს სახელმწიფო მინისტრმა იორდანიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის სტუმრებს მადლობა გადაუხადა. დაისახა  სამომავლო თანამშრომლობის  გაღრმავების კონკრეტული გეგმები.