„დღეს თითოეული ჩვენგანი, მთელი საქართველო, ამ დღესასწაულის თანაზიარია“ 21.03.2019

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან  მამუკა ბახტაძესთან ერთად, მარნეულში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს აზერბაიჯანელ მოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა. 

„ნოვრუზ ბაირამინიზ მუბარექ. გილოცავთ ნოვრუზ ბაირამს თითოეულ აზერბაიჯანელ თანამოქალაქესა და ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს საქართველოში ამ არაჩვეულებრივ  დღესასწაულს აღნიშნავს. ეს არის გაზაფხულის, ახალი სიცოცხლის დღესასწაული. მინდა თითოეულ ოჯახს და მთლიანად ჩვენს ქვეყანას ვუსურვო სიკეთე, კეთილდღეობა, გაძლიერება და რაც ყველა ჩვენგანისათვის მთავარია - მშვიდობა.

„მინდა ვისურვო, რომ მალე დასრულდეს ის უსამართლობა,  ის აბსურდი, რაც განგრძობით ოკუპაციას უკავშირდება, რადგან ეს თითოეული ჩვენგანის ინტერესშია. ასევე ის, რომ ჩვენ, ეთნიკურობისდა მიუხედავად, თითოეულ მოქალაქეს, შეგვეძლოს ჩვენი წვლილი შევიტანოთ და დავიცვათ ყველაზე მთავარი - მშვიდობა, ის უნიკალური საგანძური, რაც გვაქვს  ჩვენი მრავალფეროვნების, ჩვენი ურთიერთობების სახით, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და სიყვარულს ეფუძნება. დღეს თითოეული ჩვენგანი, მთელი საქართველო, ამ დღესასწაულის თანაზიარია“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

აზერბაიჯანული ეროვნული დღესასწაული - ნოვრუზ ბაირამი 21 მარტს აღინიშნება. იგი ახალი წლის, გაზაფხულის დადგომისა და დღისა და ღამის გათანაბრების  მომასწავებელია. საქართველოში ნოვრუზ ბაირამი 2010 წლიდან საერთო სახალხო დღესასწაულადაა გამოცხადებული.