"1+4 პროგრამის" მოსარგებლე პირებისათვის სტაჟირება გამოცხადდა 19.03.2019

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით“  (1+4 პროგრამით) მოსარგებლე პირებისათვის სტაჟირების პროგრამის პრეზენტაცია გამართა,  რომელიც დღეიდან გამოცხადდა.   

„1+4 პროგრამით“ მოსარგებლე ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ სახელმწიფო უწყებებში, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე, 1-დან 6 თვემდე სტაჟირება მათთვის საინტერესო მიმართულებით გაიარონ.          

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრას ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი 100-მდე სტუდენტი დაესწრო სხვადასხვა უნივერსიტეტიდან. მათ ინფორმაცია მიიღეს  1+4 საგანმანათლებლო და სტაჟირების პროგრამების შესახებ, მათში ჩართვის შესაძლებლობებსა და პროცედურებზე.  

სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული ამოცანა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების სამოქალაქო აქტივობის გაძლიერებაა.  ამ კუთხით, მისი თქმით, ბოლო წლებში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

„1+4 საგანმანათლებლო პროგრამის“ კურსდამთავრებულთათვის ჩვენ უკვე გვაქვს სტაჟირების პროგრამა, რომელმაც საპილოტე რეჟიმი გაიარა და იგი გამოიკვეთა როგორც ერთ-ერთი საინტერესო და მოთხოვნადი პროგრამა. სტუდენტების სურვილი- ჩაერთონ სტაჟირების პროგრამაში, ყოველწლიურად იზრდება.

„წელს ჩვენ, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში, 500-ზე მეტი სტუდენტის განაცხადი შეგვიძლია დავაკმაყოფილოთ. თითოეული ახალგაზრდისათვის ეს არის შესაძლებლობა  განივითაროს პროფესიული უნარები პრაქტიკულ კონტექსტში. ასევე, გარკვეული ხიდია მის მომავალ კარიერულ  წინსვლასთან, რადგან სხვადასხვა უწყებაში, პრაქტიკულ გარემოში, მიღებული გამოცდილება შეუცვლელია. სწორედ ამიტომ, ძალიან ბევრ ახალგაზრდას, რომელმაც სტაჟირების პროგრამა უკვე გაიარა, შესაძლებლობა მიეცა დასაქმებულიყვნენ, განსაკუთრებით საგანმანათლებლო სისტემაში. ამის არაერთი მაგალითი გვაქვს. მათ მაღალი მოტივაცია  გამოავლინეს და საკუთარი უნარ-ჩვევები ისე წარმოაჩინეს, რომ თავად ამ უწყებებს  გაუჩნდათ ჩვენი სტუდენტების დასაქმების სურვილი“, - განაცხადა ლია გიგაურმა.

შეხვედრის ბოლოს დისკუსია გაიმართა. სტუდენტებს მათთვის საინტერესო კითხვების დასმის შესაძლებლობა მიეცათ და თითოეულ მათგანზე ამომწურავი პასუხი მიიღეს.  

პრეზენტაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ნინო დობორჯგინიძე და "მშვიდობის ფონდის ხელმძღვანელი" გიორგი ტუმასიანი სწრებოდნენ.  

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის განკუთვნილ პროექტს    შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საქართველოს გაეროს ასოციაციასთან და საჯარო სამსახურის ეროვნულ ბიუროსთან ერთად ახორციელებს. მისი  მიზანია ახალგაზრდების დასაქმების წახალისება, მათი ჩართულობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა.    

განაცხადების მიღება 1 აპრილამდე გასტანს. დაინტერესებულმა პირებმა დეტალური ინფორმაცია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ვებ-გვერდზე უნდა იხილონ.