ქეთევან ციხელაშვილი პარლამენტში გამყოფი ხაზისპირა სოფლებში მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების კომისიის საქმიანობის ანგარიშით წარსდგა 13.03.2019

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი საქართველოს პარლამენტში მოხსენებით წარსდგა. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე ქეთევან ციხელაშვილმა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.  

სახელმწიფო მინისტრმა დეპუტატებს გამყოფი ხაზისპირა დასახლებებში არსებული მდგომარეობისა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით კომისია, რომელიც 2013 წლიდან არსებობს, 62 სოფელში, მავთულხლართების პირისპირ მცხოვრები ადამიანების გამოწვევებზე რეაგირებს.

„კომისიის საქმიანობა სხვადასხვა სფეროს შეეხებოდა.  რამდენიმეს გამოვყოფ:  ყოველ წელს  14 ათასამდე ოჯახი გათბობის 200 ლარიან ვაუჩერს იღებს. გაზიფიცირებამდე ისინი ამ ვაუჩერს შეშის შესყიდვისათვის იყენებდნენ. ბოლო ორი წელია, მას შემდეგ, რაც ყველა სოფლის სრულად გაზიფიცირება დასრულდა და 19 მილიონიანი ინვესტიცია გაკეთდა, ეს ვაუჩერები გაზის საფასურების დასაფარად გამოიყენება.

„გარდა ამისა, ამ სოფლებიდან ყველა სტუდენტი ფინანსდება, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობდნენ. წლიდან წლამდე სტუდენტების რიცხვი იზრდება, რაც ძალიან კარგია და იმის მაჩვენებელია, რომ მოსახლეობა თავის სახლებს, მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა, არ ტოვებს. ეს ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. მომავალში მათ კიდევ უფრო გავაძლიერებთ, რადგან თუ ახლა გაზიფიცირებაზე, სასმელი და საირიგაციო წყლით მომარაგებაზე, ამბულატორიების მოწყობაზე, სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირებაზე, სასოფლო სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობაზე, სკოლებისა და გზების რეაბილიტაციაზე ვრეაგირებთ,  მომავალში გვინდა, რომ ჩვენი სტრატეგიის მთავარი მიმართულება განვითარება, ალტერნატიული დასაქმების ადგილებისა და  ეკონომიკური შემოსავლის შესაძლებლობების შექმნა იყოს, რაც ამ ხალხს კიდევ უფრო გააძლიერებს. მათ გვერდში დგომა ყველაზე მეტად სჭირდებათ და მათი გაძლიერება წინაპირობა იქნება იმისათვის, რომ გამყოფი ხაზის მეორე მხარეს ჩვენს მოსახლეობას მივწვდეთ და დავეხმაროთ,“-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.