„ე.წ. საგუშაგოები და მავთულხლართები ადამიანების წინააღმდეგ საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან გამოცხადებული ყოველდღიური ბრძოლაა“ 07.02.2019

„საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საგუშაგოებს ამონტაჟებს, რათა ზეწოლა გააძლიეროს და კიდევ უფრო კარგად დააკვირდეს რამდენი ოსი მოსახლე ცდილობს გადმოლახოს საოკუპაციო ხაზი და გადმოვიდეს კონტროლირებად ტერიტორიაზე“, - ეს განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა გამყოფი ხაზისპირა სოფელ ხურვალეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა და განაცხადა, რომ საოკუპაციო რეჟიმის ქმედებები რიგითი მოქალაქეების ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული.

„ეს პოლიტიკა - საოკუპაციო ხაზების გასწვრივ ასეთი ხელოვნური ბარიკადების მშენებლობა წლების განმავლობაში გრძელდება. კითხვაზე,  არის თუ არა ეს რაიმე სამხედრო ობიექტი, გიპასუხებთ, რომ რა თქმა უნდა, არ არის. ამ ყველაფრის მშენებლობა - ე.წ. საგუშაგო, მავთულხლართების მონაკვეთები ადამიანების საკუთრებაში, ეზოებში, ცხვირწინ,  ადამიანების  წინააღმდეგ საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან გამოცხადებული ყოველდღიური ბრძოლაა.  მოგეხსენებათ, ცხინვალის მიმართულებით მოძრაობა დღესაც კი შეზღუდულია  ერთადერთ ე.წ. გადასასვლელ პუნქტზე, რომელიც ოძისზა და ახალგორს აკავშირებს და რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ახალგორში მცხოვრები ქართველებისათვის, არამედ  ოსებისათვის. საოკუპაციო რეჟიმი მოსახლეობას, ისედაც 80 %-ით დაცარიელებულ ცხინვალის რეგიონში, ფაქტობრივად, სასუნთქ გზას უკეტავს.  ახლა ე.წ. საგუშაგოებს ამონტაჟებს, რათა ზეწოლა გააძლიეროს და კიდევ უფრო კარგად დააკვირდეს რამდენი ოსი მოსახლე ცდილობს გადმოლახოს საოკუპაციო ხაზი და გადმოვიდეს კონტროლირებად ტერიტორიაზე. „სპუტნიკი“ აცხადებს, რომ მიმდინარე წელს უკვე  40-ზე მეტი ადამიანი დააკავეს და ბუნებრივია, მათი 90 % ისეთია, ვინც ცხინვალის რეგიონიდან კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ცდილობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჭიროებებისათვის. ამაზე მეტი ცინიზმის წარმოდგენა ფაქტობრივად შეუძლებელია.

„რაც შეეხება რეაგირებას, გუშინ ჩვენს შესაბამის სტრუქტურებს ჰქონდათ შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, რომელიც, სამწუხაროდ, მხოლოდ ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე პატრულირებს, რადგან რუსეთის პოზიციების გამო ოკუპირებულ ტერიტორიაზე   შეღწევის შესაძლებლობაც არ ეძლევა, რაც მას მანდატით განსაზღვრული აქვს. რა თქმა უნდა, ინფორმირებულები არიან თანათავმჯდომარეები,  მათ შორის  ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც ახლა საქართველოში იმყოფება. შეხვედრები გვქონდა და გვექნება კიდეც. ხვალ კი  ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრაა ჩანიშნული, რომელზეც ბევრ სხვა მწვავე საკითხთან ერთად, ბუნებრივია, ხელოვნური ბარიკადების მონაკვეთების მშენებლობის ეს უახლესი  ეპიზოდებიც იქნება დაყანებული“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.