აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების მოძიებისაკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი 04.12.2018

სახელმწიფო მინისტრი აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტისას და მის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 2258 ადამიანის ხვედრისა და ადგილსამყოფელის დასადგენად ერევანში ქართველი და აფხაზი მონაწილეების მიერ შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის შეხვედრა დაესწრო. შეხვედრას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი მისი ნეიტრალური შუამავლის სტატუსის შესაბამისად თავმჯდომარეობდა.

საკოორდინაციო მექანიზმი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით 2010 წელს შეიქმნა; მისი მიზანია 1992-93 წლების კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების მოძიება.

მექანიზმის შექმნის შემდეგ, 431 ადამიანის ნეშტის მოძიება და ექსჰუმაცია მოხდა, მათ შორის 148 ამოცნობილია და ოჯახებს გადაეცა.

გარდა 2018 წელს მიღწეული შედეგებისა, ერევნის შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა 1992-93 წლის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებული სავარაუდო სამარხების შეფასებისა და საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში ინფორმაციის მოძიება-დამუშავების მნიშვნელობას. მონაწილეები შეთანხმდნენ იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც ინფორმაციის ეფექტური მოძიებისა და გაცვლისათვის არის საჭირო, რათა პროცესი საჭირო ტემპით გაგრძელდეს.

სახელმწიფო მინისტრის აპარატი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან აქტიურ და მჭიდრო მუშაობის გაგრძელებას გეგმავს.