„ბოლო 25 წლის განმავლობაში უპრეცედენტო ნაბიჯს ვდგამთ, რომელიც ათასობით ადამიანისათვის ახალი შესაძლებლობების დასაწყისი იქნება“ 22.11.2018

უპრეცედენტო და უმნიშვნელოვანესი - ასე აფასებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის წახალისების მიზნით შემუშავებულ ახალ საგრანტო პროგრამას ,,აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“, რომლის პრეზენტაციაც  დღეს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელთან ერთად ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან გამართა.

პრეზენტაციაზე სახელმწიფო მინისტრმა სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც პროგრამა ,,აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ ამოქმედდება და რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის ეკონომიკური სარგებლის მიღების ახალი გზებისა და შესაძლებლობების, უფრო პერსპექტიული, ალტერნატიული ბაზრების შეთავაზებას გულისხმობს.

„მოგეხსენებათ, ამ ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას პარლამენტმა ფაქტობრივად ერთსულოვნად დაუჭირა მხარი. ამჟამად მთელი მთავრობა მუშაობს იმისათვის, რომ ამ გეგმის როგორც სამართლებრივი, ისე ინფრასტრუქტურული და ფინანსური კომპონენტები აღასრულოს. დღეს ჩვენ  უმნიშვნელოვანეს ფინანსურ ინსტრუმენტს ვქმნით იმისათვის, რომ ხელოვნური ბარიკადების გასწვრივ ვაჭრობა წავახალისოთ და შეღავათი მივცეთ  ხალხს, რომელიც განგრძობადი რუსული ოკუპაციის პირობებში ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. 

„ვქმნით პროგრამას, რომელსაც „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ ჰქვია და რომელიც გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას საშუალებას მისცემს წარადგინონ საერთო ბიზნესპროექტები,  35 ათას ლარამდე კი გრანტის სახით  დახმარება მიიღონ. ეს პროექტი მოიცავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, რომელსაც ასეთი ტიპის გრანტის მიღება სჭირდება, რომელსაც აქვს ბიზნესიდეა და უნდა მომავალში განავითაროს.

„მგონია, რომ დღეს, ბოლო 25 წლის განმავლობაში უპრეცედენტო ნაბიჯს ვდგამთ, რომელიც ათასობით ადამიანისათვის  შესაძლოა მართლაც ახალი შესაძლებლობების დასაწყისი იყოს. მთავარია ამას ხელოვნურად არ შეეშალოს ხელი. ახალ ინიციატივაში გათვალისწინებულია სტატუს-ნეიტრალური მექანიზმები- პირადი ნომრით რეგისტრაცია მათ ჩასართავად, ვისაც დღეს შესაძლოა საქართველოს პასპორტი არ ჰქონდეს“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

წარმოდგენილი ბიზნესგეგმების შერჩევის პროცედურები  რუხის ცენტრში განთავსებულ სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ სერვის ცენტრში განხორციელდება .