ლია გიგაური წალკის მუნიციპალიტეტის სკოლებს ესტუმრა 14.11.2018

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში, წალკის მუნიციპალიტეტის სკოლებს ესტუმრა. წალკის მეორე საჯარო სკოლაში იგი ქართული ენის, სოფელ დარაკოვის საჯარო სკოლაში კი სომხური ენის ღია გაკვეთილებს დაესწრო და პედაგოგებს შეხვდა.

აღნიშნული სკოლები მოსწავლეთა მრავალეთნიკურობით გამოირჩევიან. ღია გაკვეთილები მეათე-მეთორმეტე კლასების მოსწავლეებს ჩაუტარდათ, რომელთა შორის იყვნენ ეთნიკური სომხები, აზერბაიჯანელები, ბერძნები და ქართველები.

გაკვეთილებზე, რომელთაც სახელმწიფო მინისტრის მოადგილე დაესწრო, მოსწავლეებმა ტოლერანტობასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. იმსჯელეს თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნის აუცილებლობაზე და ამ საკითხზე თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს.

სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სკოლების პედაგოგებსაც ესაუბრა, რომელთაგანაც მათი პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ მიიღო ინფორმაცია. პედაგოგებმა სტუმარს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს, იმსჯელეს სკოლების დღის წესრიგში მყოფ  საკითხებზე.

„ჩვენ დღეს ვნახეთ კლასები, სადაც სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის, სხვადასხვა რელიგიური მრწამსის მოსწავლეები ერთად სწავლობენ. ვნახეთ ის საოცარი შედეგი, რაც ქართული ენის სასწავლო პროგრამამ მოიტანა - ყველა მოსწავლე ფლობს ქართულ ენას. მათ  ერთად ცხოვრების შესაძლებლობებზე თავიანთი მოსაზრებები გაგვიზიარეს.

„რაც მთავარია, თითოეული მათგანი კარგად ხედავს თუ როგორი მნიშვნელოვანია სახელმწიფო  პოლიტიკა, რომელიც საქართველოს თითოეული რაიონის, თითოეული სკოლის მოსწავლეებს, მიუხედავად მათი ეთნიკური თუ რელიგიური წარმოშობისა,  საცხოვრებელი ადგილისა თუ სოციალურ-ეკონომიკური შესაძლებლობებისა, საშუალებას აძლევს ისწავლონ, განვითარდნენ, დაამთავრონ უმაღლესი სასწავლებელი, დაბრუნდნენ საკუთარ რაიონში და დასაქმდნენ. მოლოდინები, რომლებიც მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს აქვთ, ძალიან მაღალია. ისინი ჩვენგან კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას მოელიან. ჩვენ მათ პათოსს, სახელმწიფო ენისა და ასევე მშობლიური ენის სწავლასთან დაკავშირებით, ვიზიარებთ და სამომავლო ნაბიჯებზეც ჩამოვყალიბდით“,- განაცხადა ლია გიგაურმა.