სახელმწიფო მინისტრი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა 09.11.2018

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვრვებლო მისიის ხელმძღვანელთან ერიკ ჰოეგთან შეხვედრა გამართა. 

სახელმწიფო მინისტრმა სტუმარს ბოლო პერიოდში გამყოფი ხაზების გასწვრივ შექმნილ სიტუაციაზე მიაწოდა ინფორმაცია. დეტალურად გააცნო ქარელის მუნიპალუტეტის სოფელ ატოცში განვითარებული მოვლენები და ამ დროისათვის არსებული მდგომარეობა. ისაუბრა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის მიმდინარე პროცესზე და იმედი გამოთქვა რომ სახელმწიფოსა და საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევით ეს პროცესი შეჩერდება. 

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა და პრობლემები, რომლებიც გამყოფი ხაზების პირას მდებარე სოფლების მოსახლეობას მავთულხლართების პოლიტიკის შედეგად ყოველდღიურად ექმნება.

საუბარი გამყოფი ხაზების მიღმა მცხოვრებ მოსახლეობასაც შეეხო. აღინიშნა ის სირთულეები, რომელთან გამკლავებაც მათ იზოლაციის გამო უწევთ.

შეხვედრაზე საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის შესახებაც ისაუბრეს. იმსჯელეს შერიგებისა და ჩართულობის მიმართულებით განხორციელებულ და მიმდინარე ღონისძიებებზე, ასევე სამომავლოდ დაგეგმილი ნაბიჯებზე.