ქეთევან ციხელაშვილი ალან დანკანს შეხვდა 08.11.2018

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან ერთად,  დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრს ევროპისა და ამერიკის საკითხებში, სერ ალან დანკანს შეხვდა.

შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა სტუმარს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა გააცნო. დეტალურად ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც ადგილობრივ მოსახლეობას უწევს ცხოვრება. ხაზი გაუსვა მთავარ გამოწვევას - განგრძობით ოკუპაციას.

საუბარი აგრეთვე შეეხო საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკას. იმსჯელეს ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ და მისი განხორციელების პერსპექტივებზე.

„ბრიტანეთი ის ქვეყანაა, რომელიც დიდი ხანია ნდობის მშენებლობისა და დიალოგის პროექტებს ხელს უწყობს. მინისტრმა დღეს ძალიან  მნიშვნელოვანი გზავნილები გააკეთა. მან ხაზი გაუსვა, რომ ბრიტანეთისათვის, ისევე როგორც ჩვენი სხვა პარტნიორებისათვის, სრულიად მიუღებელია ის ქმედებები,  რომელთაც რუსეთი პერიოდულად პროვოკაციებისა და ე.წ. ბორდერიზაცის სახით, ხოლო პერმანენტულად - მიმდინარე ოკუპაციის სახით ახორციელებს.

„არავინ აპირებს, რომ ამ მოცემულობას შეეგუოს ან შეურიგდეს. მან ცალსახად თქვა, რომ ამ მავთულხლართების დემონტაჟი უნდა მოხდეს და რომ მათ არანაირი მომავალი არ გააჩნიათ. რა თქმა უნდა,  ბრიტანეთი გააგრძელებს საქართველოს სამშვიდობო ძალისხმევის მხარდაჭერას, რომელიც ერთის მხრივ ამ უკანონო პროცესის შეკავებისა და დეოკუპაციისკენ, ხოლო მეორეს მხრივ, შერიგებისა და ხალხთა შორის ნდობის აღდგენისაკენაა მიმართული. ასე რომ, ჩვენთვის ბრიტანეთი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

შეხვედრის ბოლოს სახელმწიფო მინისტრმა სტუმარს  ჩართულობისა და მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. დაისახა  სამომავლო თანამშრომლობის  კონკრეტული გეგმები.

დღესვე „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მე-5 პლენარული სხდომა გაიხსნა, რომელიც ქართულ-ბრიტანული თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრის განხილვას ემსახურება.