ქეთევან ციხელაშვილი ატოცის მოსახლეობას შეხვდა 07.11.2018

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის მოსახლეობას შეხვდა და მათ ის შეღავათები გააცნო, რომლითაც გამყოფი ხაზების პირას მდებარე სოფლების მოსახლეობა მიმდინარე და მომავალ წელს ისარგებლებს.

ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ატოცში ბევრი პრობლემა მოგვარდა, თუმცა ამ დრომდე დარჩენილი იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი - წყლით უზრუნველყოფა. სოფელში უკვე აშენდა ჭაბურღილი, მოწყობილია ქსელიც და დღეიდან დაერთების სამუშაოები დაიწყება, რის შემდეგაც ატოცი სასმელი წყლით სრულად მომარაგდება.

„ზოგადად, ამ სოფლების დიდ ნაწილში სასმელი წყლის პრობლემა მოგვარებულია. ძალიან ბევრ სოფელში წყალი საერთოდ არ იყო. ახლა კი 33 მათგანში აშენდა და მოეწყო ჭაბურღილები და სატუმბი სისტემები. დარჩენილია სულ 26 სოფელი და აქედან 17-ში წლის ბოლომდე დასრულდება. ანუ, ძალიან მალე ჩვენ შევძლებთ ამ სოფლებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემა მთლიანად ამოვწუროთ.

„მოსახლეობას სხვა გადაწყვეტილებებიც გავაცანი - გამოსაზამთრებლად თითოეულ ოჯახს  გაზის  200 ლარიანი ვაუჩერი გადაეცემა, ატოცის სკოლის კურსდამთავრებულებმა წელს სახელმწიფოსაგან სტიპენდიები მიიღეს და მინდა, რომ ამ სოფელში გაცილებით მეტი ბავშვი სწავლობდეს და ხარობდეს მიუხედავად იმ დიდი წნეხისა და შიშისა, რაც ბუნებრივად არსებობს, რადგან სულ რამდენიმე მეტრში რუსი ჯარისკაცები მავთულხლართებს აბამენ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამის მიუხედავად მოსახლეობა წელში გამართული იყოს. ბევრი სამუშაო გავწიეთ, კიდევ უფრო მეტი დაგვჭირდება, მაგრამ აუცილებლად შევძლებთ“,-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.