ქეთევან ციხელაშვილი ფერიის საჯარო სკოლაში აფხაზური ენის ღია გაკვეთილს დაესწრო 02.11.2018

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ინგა შამილიშვილთან ერთად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლას ესტუმრა, სადაც აფხაზური ენის ღია გაკვეთილს დაესწრო.

ქეთევან ციხელაშვილმა სკოლას სამაგალითო უწოდა და აღნიშნა, რომ კონსტიტუციით დაცული ენის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის სახელმწიფო  ძალ-ღონეს არ დაიშურებს.

“ბავშვებმა პედაგოგების დამსახურებით შეისწავლეს ენა და დღეს საოცრება ვნახე -  მოკლე დროში უზარმაზარი პროგრესი. მე მგონია, რომ ის, რაც აფხაზური ენის გაკვეთილების დაწყებით გაკეთდა, სამაგალითოა. ეს ძალიან ბევრგან გაკეთდება, რათა ყველა მსურველს, რომელთა რაოდენობაც მზარდია, მიეცეს აფხაზური ენის შესწავლის შესაძლებლობა. მე დღეს პირობა დავდე, რომ ამ სკოლას, ისევე როგორც სხვა სკოლებს, აუცილებლად შევუწყობთ ხელს აფხაზური ენის შესწავლაში და მათი დიდი ნიჭის განვითარებაში, რათა სხვებმაც იცოდნენ, რომ ამ სოფელში ასეთი ნიჭიერი პატარები იზრდებიან.

„აფხაზური ენა საქართველოს კონსტიტუციითაა დაცული. ჩვენს ქვეყანას აქვს  განსაკუთრებული სტატუსი, დიდი პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომ დაიცვას და განავითაროს  იგი. მითუფრო იმ რეალობების გათვალისწინებით, რომ დღეს აფხაზეთის რეგიონში რუსიფიკაციის პოლიტიკა აფხაზურ ენას სერიოზულ საფრთხეს უქმნის და ეს აფხაზური საზოგადოებისათვის მტკივნეულია. ამიტომ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც ჩვენს ხელთაა.  გვაქვს სპეციალური სახელმწიფო პროგრამა, რომელიც შარშან ჩამოყალიბდა და უნივერსიტეტების დონეზე უკვე ბევრი რამ გაკეთდა. ვგულისხმობ კვლევით ინსტიტუტებს, ენის შესწავლის შესაძლებლობებს და ა.შ. თუმცა გაცილებით მეტი გაკეთდება“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინგა შამილიშვილის თქმით ერთი წლის წინ, როცა სოფელ ფერიაში, რომელიც აფხაზური ოჯახებით კომპაქტურადაა დასახლებული, აღნიშნული პროექტი დაიწყო, არავის ეგონა, რომ იგი ასეთი წარმატებული იქნებოდა. შედეგმა კი მოლოდინს გადააჭარბა.

„თუმცა, მიღწეულით არ ვკმაყოფილდებით. ჩვენ უკვე გავაკეთეთ ოფიციალური განაცხადი იმის თაობაზე, რომ მზად ხართ მოსახლეობაში შევქმნათ ჯგუფები, რომლებიც აფხაზურ ენას შეისწავლიან. მინდა საზოგადოებას, რომელიც ამ მიმართულებით დაინტერესებულია, მოვუწოდო, რომ თავიანთი სურვილი დააფიქსირონ. აფხაზურ ენას ნებისმიერ მსურველს შევასწავლით. გარდა ამისა, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო კურიკულუმშიც შევიტანეთ აფხაზური ენა და სტუდენტებსაც მოვუწოდებ ჩაერთონ. აფხაზური ჩვენი სახელმწიფო ენაა და ყველა ვალდებულები ვართ ვისწავლოთ, ეს სახელმწიფოს ერთიანი პოლიტიკაა,“ - აღნიშნა ინგა შამილიშვილმა.

ფერიის საჯარო სკოლაში 15 აფხაზი მოსწავლე სწავლობს.  აფხაზური ენის გაკვეთილი კვირაში ორჯერ ტარდება. ჯგუფში 20 მოსწავლე ირიცხება. სახელმწიფო მინისტრმა მათ საჩუქრად აფხაზურ ენაზე  წიგნები გადასცა.