ქეთევან ციხელაშვილი საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა 02.11.2018

ნატო, როგორც უალტერნატივო გზა ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად - ამ თემაზე ისაუბრა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-12 კონფერენციაზე, რომელიც თემაზე „ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა ნატო-ს სამიტის შემდეგ“ მსჯელობით გრძელდება.

თავის მოხსენებაში სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება ოკუპაციის საფრთხეებზე გაამახვილა და საქართველოსათვის ალიანსის წევრობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

„დღეს საქართველოსათვის ერთ-ერთ კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხზე ვმსჯელობთ. ესაა ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა, საქართველოს რეფორმების დღის წესრიგი, ამ გზაზე ტრანსფორმაცია და ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა. ამას ივლისში ჩატარებული ბრიუსელის სამიტის ჭრილში განვიხილავთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ წარმოჩინდეს ის წარმატება, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გააჩნია და კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი თუ რას ნიშნავს საქართველოსათვის ნატოს წევრობა. რომ ეს არ არის მხოლოდ არჩევანი. ესაა უალტერნატივო გზა, მაშინ როდესაც ქვეყანას აქვს უსაფრთხოების ისეთი გამოწვევა, როგორიც მიმდინარე ოკუპაციაა.

„ნატო-ს წევრობა, ფაქტობრივად შვიდი ათწლეულის განმავლობაში, ევროპის ბევრი ქვეყნისათვის იყო უსაფრთხოებისა და მშვიდობის ის ქოლგა, რომლის ქვეშაც ისინი ახერხებდნენ ეკონომიკურ განვითარებას, მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფასა და სტაბილურ, დემოკრატიულ კონსოლიდაციას. ეს გვინდა ჩვენც. ჩვენი კურსი არავის წინააღმდეგ არაა მიმართული და ეს  ჩემი მხრიდან ცალსახად აღინიშნა“, - გნაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

„საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენცია“ გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს, საერთაშორისო ექსპერტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მასპინძლობს, რომლებიც საერთაშორისო წესრიგის წინაშე არსებული უმნიშვნელოვანესი გამოწვევების შესახებ ინტერაქტიული პლენარული სხდომებისა და ღია დისკუსიების ფორმატში ერთმანეთს საკუთარ მოსაზრებებსა და ხედვებს უზიარებენ.  

კონფერენციას 300-მდე მონაწილე ესწრება, მათ შორის არიან მაღალი რანგის ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.