ქეთევან ციხელაშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გატაცებული მაია ოთინაშვილის საკითხზე ინფორმაცია მიაწოდა 03.10.2018

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ სოფელ ბობნევიდან გატაცებული მაია ოთინაშვილის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, შეხვედრაზე  ამ ეტაპზე მათ ხელთ  არსებული ინფორმაცია გაცვალეს და დიპლომატიურ კორპუსს ყველა ბერკეტის ამოქმედება სთხოვეს.

„თქვენ ხედავთ, რომ აბსოლუტურად ყველა შესაბამისი სტრუქტურის მიერ ყველა მექანიზმი ამოქმედებულია, რაც ჩვენს ხელთაა, რათა მაია ოთინაშვილის გათავისუფლება მოხდეს. ცხელი ხაზით კომუნიკაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით, აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისი მდგომარეობის შესახებ სარწმუნო ინფორმაცია მივიღოთ და ამიტომაც არის ყველა ბერკეტი მობილიზებული. რა თქმა უნდა, ბევრი კითხვა და ეჭვი შეიძლება არსებობდეს.  ამოცანა ისაა, რომ ყველა შესაბამის ორგანიზაციას ჰქონდეს წვდომა მასთან. ცხელი  ხაზით ასევე მოთხოვნილი იყო სატელეფონო კომუნიკაცია ოჯახთან, რაზეც ამ ეტაპამდე ცხელ ხაზს არანაირი დასტური არ მიუღია, რაც რა თქმა უნდა, არ არის მისაღები. ეს მცდელობები აუცილებლად გაგრძელდება.

„ჩვენ საქმე თავისთავად უკანონო ფაქტთან გვაქვს, მაგრამ ძალიან მძიმეა, როდესაც საუბარია ქალზე, სამი არასრულწლოვანი შვილის დედაზე, რომელსაც ბავშვები სახლში ელოდებიან.  ქალზე, რომელიც ამდენი წელია ისედაც ძალიან მძიმე ვითარებაში მავთულხლართების პირისპირ ცხოვრობს. როდესაც ასეთ მოქმედებებს აქვს ადგილი, ბუნებრივია ამას არანაირი, არც სამართლებრივი და არც ადამიანური გამართლება არ გააჩნია და ჩვენი მოთხოვნაცა და მცდელობაც იქითკენაა მიმართული, რომ ოჯახს რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.