ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეები არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ექსპერტებს შეხვდნენ 20.07.2018

ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მზარდაჭერითა და ჩართულობით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ექპერტებთან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუამ დამსწრე საზოგადოებას  დისკუსიების მიმდინარეობა გააცნეს.

საუბარი შეეხო ბოლო რაუნდებზე  განხილულ საკითხებსა და მომავალ რაუნდზე დღის წესრიგში მდგარ თემებს. იმსჯელეს დისკუსიების მნიშვნელობასა და მის როლზე კონფლიქტის მოგვარების საქმეში.

„შეხვედრაზე საინტერესო დისკუსია გაიმართა. არასამთავრობო სექტორის მხრიდან დაისვა მეტად მნიშვნელოვანი კითხვები და წამოიჭრა საინტერესო ინიციტივები. ასეთი ტიპის შეხვედრები ხელს უწყობს ერთის მხრივ მათი ინფორმირებულობის გაზრდას და მეორეს მხრივ, ჩვენთვის იმ მოლოდინებზე ინფორმაციის მიღებას, რაც საზოგადოებაში არსებობს“, - განაცხადა ლაშა დარსალიამ.

დისკუსია ასევე შეეხო კონფლიქტების მოგვარების საკითხში არასამთავრობო სექტორის, განსაკუთრებით კი ქალთა ჩართულობის საკითხს, რაც სამშვიდობო პროცესს მეტ დინამიზმს შესძენს და ეხმიანება გაეროს 1325 რეზოლუციის სულისკვეთებას.

შეხვედრაზე ასევე დეტალურად განიხილეს ის გამოწვევები, რომლის წინაშეც გალისა და ახალგორის რაიონში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა დგას. მათ შორის მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და  გადაადგილების შეზღუდვის პრობლემა. სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში როგორც დევნილების დაბრუნების, ასევე გალსა და ახალგორში მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და თავისუფალი გადაადგილების თემა ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფში ცენტრალურ საკითხებად რჩება, სანამ შესაბამის შედეგი არ იქნება მიღწეული.

ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ პრობლემებზე - უკანონო დაკავებების, ადამიანის უფლების შეზღუდვის შემთხვევებზე. ამ ჭრილში მიმოიხილეს არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას ისცოცხლის ხელყოფის ფქტები.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაში ასევე მონაწილებას იღებდნენ გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი  ერიკ ჰოგი,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, გაეროს და ევროკავშირის დასადმკვირვებლო მისიის წარმომადგნელები და ა.შ.

ღონისძიების ორგანიზატორები  იყვნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საგარეო საქმეთა სამინისტრო.