შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადება 20.07.2018

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ეხმაურება გაზეთ “კვირის პალიტრის” ელექტრონულ ვერსიაში 19 ივლისს, ასევე 9 ივლისს ბეჭდურ ვერსიაში, მანამდე კი  6 ივლისს საინფორმაციო სააგენტო accent.com.ge-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის „ციტატასთან“ თუ „გამონათქვამთან“ დაკავშირებით. კერძოდ, „კვირის პალიტრას“ ჟურნალისტი კითხვის ფორმით უსვამს რესპონდენტს - „შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ­ უძლურია დაიცვას საქართველოს მოქალაქე, რადგან ყველა მცდელობა უშედეგოდ სრულდება.“ ხოლო საინფორმაციო სააგენტო accent.com.ge აღნიშნულ ფრაზას წერს სახელმწიფო მინისტრის ციტატის ფორმით: „გუშინ სიუჟეტი მოამზადა "რუსთავი 2"–მა. სიუჟეტში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ამბობს, რომ "საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება უძლურია დაიცვას საქართველოს მოქალაქე, რადგან ყველა მცდელობა უშედეგოდ სრულდება".

ცალსახად ვაცხადებთ, რომ ამგვარი რამ სახელმწიფო მინისტრის მხრიდან არასდროს ყოფილა ნათქვამი. ვთხოვთ, “კვირის პალიტრასა”  და accents.com.ge-ს, როგორც მედია საშუალებებს, რომლებიც გამოირჩევიან ჟურნალისტური ეთიკის მაღალი სტანდარტით და სანდოობით, გასწორდეს ეს უზუსტობა, მითუფრო ამგვარი მგრძნობელობის საკითხთან მიმართებაში.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ასევე მთლიანად სახელმწიფოს სამშვიდობო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია მიმდინარე ოკუპაციით დაზარალებულ ადამიანებზე ზრუნვა, რაც ხორციელდება კიდეც ყველა ხელთ არსებული მექანიზმით. შესაბამისად,  აქტიური ძალისხმევაა მიმართულია იქითკენ, რომ  მიღწეულ იქნას ახალგორის მკვიდრის თამარ მეარაყიშვილის მიმართ სრულიად უკანონო და უსამართლო პროცესების შეწყვეტა ცხინვალის რეგიონში, იქნება ეს ე.წ. „მილიციის“, ე.წ. „პროკურატურის“, თუ ე,წ. „სასამართლოს“ მხრიდან.

სახელმწიფო მინისტრმა და მისმა აპარატმა თამარ მეარაყიშილის უკანონო დაკავებისთანავე მყისიერ რეჟიმში მოახდინა რეაგირება იმისთვის, რომ მიღწეული ყოფილიყო მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლება.  ამასთანავე, გამოყენებული იქნა ხელთ არსებული ყველა საშუალება მისთვის დახმარების გაწევისა და მხარდაჭერისთვის.

აქტიურობა მიმდინარე რეჟიმშიც გრძელდება, მათ შორის ყველა შესაბამის კომუნიკაციაში,  მის მიმართ უკანონო პროცესის შეწყვეტის და ცხინვალის რეგიონის გარეთ გადაადგილების შესაძლებლობის უზრუნველყოფისთვის. აუცილებლად გავაგრძელებთ ამ ძალისხმევას, იმიტომ რომ ჩვენთვის პრიორიტეტია დავიცვათ ნებისმიერი ადამიანის, განსაკუთრებით კი მავთულხლართებს მიღმა  ათასობით უფლებააყრილი ადამიანის უფლებები.