ქეთევან ციხელაშვილმა UNICEF-ის წარმომადგენელთან საქართველოში გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა 20.07.2018

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელთან საქართველოში ლაილა ომარ გადთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და UNICEF-ს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობებისა და მჭიდრო პარტნიორობის მნიშვნელობას. მიმოიხილეს განხორციელებული საქმიანობა და მიმდინარე პროექტები.

ქეთევან ციხელაშვილმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებული პროექტების გამო, რომლებიც მიმართულია ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ და ხელს უწყობს მშვიდობის მშენებლობას.

აგრეთვე ხაზი გაესვა UNICEF-ის მიერ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ საქმიანობასა და მათ მნიშვნელობას. გამოითქვა ორივე მიმართულებით თანამშრომლობის გაგრძელების ორმხრივი სურვილი და მზადყოფნა.

თავის მხრივ, სახელმწიფო მინისტრს სტუმარმა ღია და კოორდინირებული თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელეს და მომავალ საქმიანობაში ერთმანეთს  წარმატება უსურვეს.