მარჯანიშვილის თეატრში პანკისელმა მოსწავლეებმა სპექტაკლი „ღია შუშაბანდი“ დადგეს 09.06.2018

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით მარჯანიშვილის თეატრის სხვენში პანკისის ხეობის სოფელ დუისის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მიერ დადგმული სპექტაკლის - "ღია შუშაბანდი" ჩვენება გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი დაესწრო.

მწერლისა და დრამატურგის, შადიმან შამანაძის პიესის მიხედვით სპექტაკლი  რეჟისორ ტატო პატარიძისა და სოფელ დუისის საჯარო სკოლის პედაგოგ ნესტან მუთოშვილის ხელმძღვანელობით დაიდგა. მასში დამამთავრებელი კლასების 10-მდე მოსწავლე იყო ჩართული. სპექტაკლი  ვაინახური ქორეოგრაფიული ნომრებით იყო გამრავალფეროვნებული.

სახელმწიფო მინისტრმა მარჯანიშვილის თეატრის ადმინისტრაციას მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ   სახელმწიფოს მხრიდან ამგვარი ღონისძიებების მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებმა, სხვადასხვა რეგიონებიდან, თავიანთი შემოქმედება თანატოლებს გააცნონ. ამას ჩვენ ხელს ვუწყობთ. დღეს პანკისელი ახალგაზრდების წარმოდგენა გვქონდა, სოფელ დუისის სკოლის მოსწავლეების, რომელგან ზოგიერმა სკოლა წელს დაასრულა და მათ ცხოვრებაში ახალი ეტაპი ეწყება. მაყურებელს მიეცემა საშუალება ნახოს თუ რამდენად ნიჭიერი ახალგაზრდები გვყავს პანკისში.

„მინდა სახელმწიფოს მხრიდან კიდევ ერთხელ დავადასტურო სრული მზაობა, რომ გავაგრძელებთ სამოქალაქო ინტეგრაციის იმ პოლიტიკას, რომელიც თანასწორობის პრინციპზეა დაფუძნებული. შევქმნით ყველა იმ შესაძლებლობას, რომელიც ჩვენს ახალგაზრდებს, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, მისცემს საშუალებას მაქსიმალურად გამოავლინონ საკუთარი თავი. მითუფრო, როცა ასეთი ნიჭიერები არიან. პანკისი და ქისტი თემი ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ახლობელია. ჩვენი ურთიერთობები, ტრადიციულად, ეფუძნებოდა ურთიერთპატივისცემას, კულტურულ დიალოგს და ეს აუცილებლად გაგრძელდება მომავალშიც,“ - განაცხადა ქეთევან  ციხელაშვილმა.

„ღია შუშაბანდი“ უკვე დაიდგა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ კონკურსზე, სადაც პანკისელი მოსწავლეების სპექტაკლმა პირველი ადგილი აიღო. საღამოს დასასრულს მონაწილეებს სახელმწიფო მინისტრმა საჩუქრად ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციები გადასცა.

სპექტაკლს აგრეთვე დაესწრნენ რეჟისორები, პოეტები, მწერლები და პანკისელი ახალგაზრდები.