ქეთევან ციხელაშვილი: „გვინდა გზა გავუხსნათ კონსტრუქციულ თანამშრომლობას, დიალოგს და ამგვარად ვიზრუნოთ მოსახლეობის კეთილდღეობაზე კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოგვარებამდე“ 04.05.2018

ახალ სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრე კანონმდებლებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ცვლილებათა პაკეტი პლენარულ სესიაზე წარადგინა, სადაც მან სრული მხარდაჭერა მოიპოვა.

პლენარულ სესიამდე ინიციატივა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის; განათლების, მეცნიერებისა და კულტურის; დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის; იურიდულ საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებში განიხილეს.

ქეთევან ციხელაშვილმა პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ინიციატივა, რომელიც მთავრობამ 4 აპრილს დაამტკიცა და გაასაჯაროვა, ღია და ქმედითი განაცხადია იმის თაობაზე, რომ საქართველოს სამშვიდობო კურსი და სამოქმედო გეგმა ურყევი და თანმიმდევრულია.

ინიციატივა, მისი თქმით, გათვლილია კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ინტერესებსა და საჭიროებებზე და მიმართულია მათი სოციალურ-ეკონომიკური და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ. ასევე, ქმნის საფუძველს ხალხთა შორის კონტაქტების, მიმოსვლის, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობისა და  დიალოგის წახალისებისათვის,  რაც არის ნდობის მშენებლობისა და საზოგადოებების შერიგების წინაპირობა, საწინდარი კონფლიქტის სრულმასშტაბიანი და მშვიდობიანი მოგვარებისა.

„უკვე 25 წელია გადაუჭრელი კონფლიქტის პირობებში ვცხოვრობთ. 2008 წლის აგვისტოს ომიდან 10 წელი სრულდება. შესაძლოა, ეს ისტორიისათვის არც ისე ხანგრძლივი პერიოდია, მაგრამ იმ ათიათასობით ადამიანისათვის, ხელოვნური გამყოფი ხაზების როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს, რომლებიც მთელი ამ დროის განმავლობაში ვითარების სიმწვავეს ყოველდღიურად განიცდიან, ეს დრო ძალიან ბევრი გახლავთ.

„ფაქტია, რომ კონფლიქტი გაყინული არ არის და საქმე სტატიკურ მოცემულობასთან არ გვაქვს. ადგილზე არსებობს სამწუხარო დინამიკა და ეს დინამიკა, დროსთან ერთად, არ მუშაობს არ ქართველების, არც აფხაზებისა და არც ოსების სასიკეთოდ.  ამ ვითარების სიმწვავე და სიმძიმე კიდევ ერთხელ გამოკვეთა 22 თებერვალს, როდესაც მოხდა ჩვენი თანამოქალაქის - არჩილ ტატუნაშვილის უკანონო დაკავება და მისი სიცოცხლის ხელყოფა. შემდგომ კი, 26 დღის განმავლობაში მისი ცხედრის გადმოცემის გაჭიანურება. იმ უმძიმეს დღეებში ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ მსგავსი ქმედებები და ნებისმიერი სახის პროვოკაცია მიმართულია დაძაბულობის ესკალაციისა და ხალხთა შორის დაპირისპირებისა და შუღლის გაღვივებისაკენ, დაშორიშორებისა და სამშვიდობო კურსის შერყევისაკენ. საბოლოო ჯამში კი, ეს ყველას უსაფრთხოებისა და მშვიდობიანი მომავლის წინააღმდეგაა მიმართული.

„ამის სრული გაცნობიერებით და სწორედ ამიტომ დღეს საქართველოს მთავრობა გთავაზობთ გადავდგათ პროაქტიული და დინამიური ნაბიჯი, რაც იქნება ყველაზე პრინციპული, მტკიცე და ადეკვატური პასუხი არსებულ გამოწვევებზე - რომ ჩვენ ამას ვუპირისპირდებით მშვიდობით, განვითარებით, თანამიმდევრულობითა და ძალიან კონკრეტული საქმით. ამით გვინდა გზა გავუხსნათ კონსტრუქციულ თანამშრომლობას, დიალოგს დღეს გაყოფილი საზოგადოებების წარმომადგენლებს შორის და ამგვარად ვიზრუნოთ მოსახლეობის კეთილდღეობაზე  კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოგვარებამდე,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

სესიაზე მინისტრმა დეპუტატების შეფასებები მოისმინა,მათ კითხვებს უპასუხა და მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.