პარლამენტში ახალი სამშვიდობო ინიციატივის განხილვა გრძელდება 03.05.2018

საქართველოს პარლამენტში  მთვარობის მიერ წარდგენილი ახალ სამშვიდობო ინიციატივებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა გრძელდებასახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა კანონმდებლებს საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივასთან დაკავშირებული ცვლილებათა პროექტი საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის, ხოლო მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე წარუდგინა.

კომიტეტის წევრებმა მოისმინეს სამშვიდობო ინიციატივის ძირითადი მიმართულებები და დეტალურად განიხილეს კანონებში შესაბამისი ცვლილებების შინაარსი.

 „საქართველოს მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივა ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ არის განაცხადი იმის თაობაზე, რომ ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკა, ჩვენი კურსი და მოქმედების გეგმა არის ურყევი და თანმიმდევრული. ეს ინიციატივა არის გათვლილი კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებსა და ინტერესებზე, მათი მძიმე მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.  ამავდროულად, ხსნის შესაძლებლობებს და სივრცეს იმისათვის, რომ ბარიკადებით გაყოფილი საზოგადოებების სხვადასხვა წარმომადგენლებს შორის წარიმართოს დიალოგი, წახალისდეს მიმოსვლა, ხალხთაშორისი კონტაქტები, თანამშრომლობა საერთო ინტერესების გარშემო, რაც   საბოლოო ჯამში შერიგებისა და ნდობის მშენებლობისკენ არის მიმართული. ეს კი,  თავის მხრივ, კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოგვარების ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობაა,“- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე.

სახელმწიფო მინისტრმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა პარლამენტის მხარდაჭერის უმნიშვნელოვანეს როლს სამშვიდობო ინიციატივების განხორციელებაში.

ორივე ზემოთ აღნიშნული კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი მთავრობის ინიციატივას და მისი განხორციელების მიზნით კანონებში გათვალისწინებულ ცვლილებებს.