ლაშა დარსალია აშშ-ს საჰაერო ძალების კოლეჯის დელეგაციას შეხვდა 05.03.2018

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების კოლეჯის დელეგაციას შეხვდა.

სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ დელეგაციის წევრებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე, განგრძობადი ოკუპაციის შედეგად ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კუთხით შექმნილ გამოწვევებსა და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„მე მათ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე ვესაუბრე, დაგეგმილ და განხორციელებულ ღონისძიებებზე. გავაცანი დეტალები. აღნიშნული შეხვედრა საქართველოს  კონფლიქტისა და სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ  მათ ინფორმირებულობას ეძღვნებოდა და ამ კუთხით იგი მეტად ნაყოფიერი იყო. შეერთებულ შტატებთან საქართველოს აქვს სტრატეგიული პარტნიორობა და ქარტიის ფარგლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სწორედ სამშვიდობო პოლიტიკა, უსაფრთხოების საკითხები, ხალხთა შორის კონტაქტებისა და ნდობის მშენებლობის ხელშეწყობაა“, - განაცხადა  ლაშა დარსალიამ.

შეხვედრის ბოლოს  გაიმართა დისკუსია.

აშშ საჰაერო ძალების კოლეჯის დელეგაცია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის პროგრამის ფარგლებში საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას სტუმრობენ. დელეგაციის წევრები ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ხვდებიან. ვიზიტის მიზანი საქართველოში და შავი ზღვის რეგიონში პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური და კულტურული მიმართულებებით დინამიკის გაცნობაა.