ქეთევან ციხელაშვილი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა 12.02.2018

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა, ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.

სხდომაზე განხილულ იქნა უსაფრთხოების გამოწვევები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და ევროკავშირის როლის გაძლიერება მათ დარეგულირებაში. ქეთევან ციხელაშვილმა ყურადღება გადაუჭრელი კონფლიქტების შედეგებსა და  საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ამ მხრივ მომავალშიც არაერთი ქმედითი ნაბიჯის გადადგმას გეგმავს.

“დღეს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის წევრებს ვესაუბრეთ იმ  ვითარებაზე,  რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში განგრძობადი ოკუპაციის პირობებშია შექმნილი. გავაცანით უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული  გამოწვევები, რასაც გადაუჭრელი კონფლიქტი ადგილზე იწვევს. რა თქმა უნდა, ასევე ვისაუბრეთ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე, რომლის ერთ-ერთი განმსაზღვრელი სწორედ ჩართულობისა და შერიგების პოლიტიკა გახლავთ. 

„შევეხეთ იმ პროექტებს, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს და ასევე დაგეგმილ ნაბიჯებს, რომელთა მიზანიც კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების დახმარებაა იმ სტრატეგიის საწინააღმდეგოდ, რაც, სამწუხაროდ რუსეთის მხრიდან ხორციელდება - ესაა დაყოფის კიდევ უფრო გაღრმავება, მაშინ როცა ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკა ხიდების აღდგენისკენ, საზოგადოებებს შორის ნდობის მშენებლობისა  და იმ დაბრკოლებების გადალახვისკენაა მიმართული, რომელთა გადალახვაც ადამიანებს ყოველდღიურად უწევთ.

„ჩვენი პოლიტიკის მიზანი ადგილზე ჰუმანიტარული მდგომარეობისა და სოციალურ-ეკონომიკური მძიმე პირობების გაუმჯობესებაა, რომელიც კიდევ უფრო მძიმდება იმ ვითარებაში, როცა გამყოფი ხაზის გასწვრივ მაცხოვრებლებს რეგულარულად აკავებენ არალეგალურად, როცა გადაადგილების თავისუფლება და  კომუნიკაცია დანარჩენ საქართველოსთან და შესაბამისად დანარჩენ მსოფლიოსთან შეზღუდულია“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

სხდომისათვის საქართველოს პარლამენტს ევროპარლამენტის, უკრაინის, მოლდოვის, აზერბაიჯანის, სომხეთის საპარლამენტო დელეგაციები ეწვია. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ღონისძიებები რეგულარულად იმართება პოლიტიკური დიალოგისა და საპარლამენტო კონსულტაციებისთვის. ევროკავშირთან მრავალმხრივი თანამშრომლობის განსახილველად პარტნიორი პარლამენტები კომიტეტის სხდომებზე რეგულარულად იწვევენ ევროკომისიის, მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.