მათე ალბუთაშვილის დაბადებიდან 155 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა 01.02.2018

მწერლის, განმანათლებლისა და სასულიერო მოღვაწის, მათე ალბუთაშვილის დაბადებიდან 155 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში მოსწავლეთა კონფერენცია  გაიმართა  თემაზე „მათე ალბუთაშვილის ბიოგრაფიული შტრიხები და შემოქმედება: პანკისის ხეობა დროისა და სივრცის ჭრილში“.

კონფერენციაში მონაწილეობა  თბილისის, დუისის, ჯოყოლოსა და ჩარგლის სკოლების ოცმა მოსწავლემ მიიღო. ისინი აუდიტორიის წინაშე საკუთარი თემებით წარსდგნენ.

ღონისძიება  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის  აპარატის, ქალთა კავშირ „კავკასიელ ქალთა კონგრესის“ ორგანიზებითა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა. როგორც ერთ-ერთი ორგანიზატორი, სახელმწიფო მინისტრის აპარატის მრჩეველი მექა ხანგოშვილი აცხადებს, უმნიშვნელოვანესია მომავალმა თაობამ იცოდეს მათე ალბუთაშვილის ღვაწლის შესახებ, იცნობდეს მის ცხოვრებასა და შემოქმედებას.

„მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც ამ ღონისძიებებშია ჩართული. დღეს ჩვენ მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენციას ვატარებთ. ბუნებრივია, რომ აღნიშნული კონფერენციითა და თემით პანკისელი ახალგაზრდები დაინტერესდნენ და ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩარგლის სკოლამ მასში მონაწილეობის დიდი მზაობა და სურვილი გამოთქვა. ასევე, აქტიურად ჩაერთვნენ მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის „ინტერკუბის“ წევრები. ეს იმას ნიშნავს, რომ დიდი ადამიანების სახელები არ კვდება. კავკასია ძალიან ძლიერი და მნიშვნელოვანი რეგიონია და ასეთი ღონისძიებებით ეთნოსების დაახლოებასა და ინტეგრაციასაც ეწყობა ხელი,“ - განაცხადა მექა ხანგოშვილმა.

კონფერენციის ბოლოს, თითოეულ მონაწილეს საჩუქრები გადაეცა.