ქეთევან ციხელაშვილი: “ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა კონფლიქტით და ბარიკადებით გახლეჩილი საზოგადოებები შევარიგოთ” 14.08.2017

“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა კონფლიქტით და ბარიკადებით გახლეჩილი საზოგადოებები შევარიგოთ”, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 25 წლისთავთან დაკავშირებით გმირთა მემორიალთან განაცხადა.

ქეთევან ციხელაშვილმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და გმირების ხსოვნას პატივი მიაგო. სახელმწიფო მინისტრი მემორიალთან შეკრებილ, დაღუპული გმირების დედებს და ოჯახების წევრებს ესაუბრა.

„მეოთხედი საუკუნე გავიდა იმ კონფლიქტის დაწყებიდან, რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ძალიან ბევრი ტკივილი მოიტანა. დღეს ამ მემორიალთან იმ გმირებს მივაგებთ პატივს, ვინც შეეწირა ამ ომს და თავი გასწირა სამშობლოსთვის. ძალიან ბევრი ტკივილია იმ ოჯახებში, ვინც დაკარგა ახლობლები. დღეს ვესაუბრე შვილმკვდარ დედებს. შეუძლებელია, დრომ რაიმე დააკლოს მათ ტკივილს ან ამ დედებს რაიმე სანუგეშო უთხრა. სამწუხაროდ, წარსულს ვეღარ შევცვლით. მე ამ ადამიანების - შვილმკვდარი დედების სიმტკიცე და სიბრძნე მაძლევს ძალას იმისას, რომ ვიმოძრაოთ მხოლოდ მშვიდობით ჩვენი ქვეყნის მთავარი ამოცანისკენ - ქვეყნის გაერთიანებისკენ. ისინი არიან პირველები, ვინც საუბრობენ მშვიდობაზე, შერიგებაზე, რომ აღარ უნდა დავუშვათ დაპირისპირება, რათა არც ერთი ახალგაზრდის სიცოცხლე აღარ დაიკარგოს. ჩვენს საზოგადოებებს ტკივილიც აერთიანებს, ეს ჩვენი საერთო ტრაგედიაა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დღეს კონფლიქტით და სხვადასხვა ხელოვნური ბარიკადებით გახლეჩილი საზოგადოებები შევარიგოთ. ცხადია, ჩვენ გვაერთიანებს საერთო ინტერესი - ჩვენი შვილების უკეთესი მომავალი. ადამიანის სიცოცხლე და მშვიდობა მთავარი ღირებულებაა და სწორედ ამიტომ ჩვენ უნდა ვიმოძრაოთ დაპირისპირებების აღმოფხვრისკენ. ეს კი აუცილებლად გულისხმობს დიალოგს, შერიგებას და ამ გზას ალტერნატივა არ გააჩნია“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.