ქეთევან ციხელაშვილმა ბათუმში ორმხრივი შეხვედრები გამართა 14.07.2017

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა“ ფარგლებში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იან კელისთან, ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურის, რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიისა და ეუთოს დირექტორატის ხელმძღვანელთან ლუკ დევინთან და იტალიის რესპუბლიკის საგარეო ურთიერთობათა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს პოლიტიკურ და უსაფრთხოების საქმეთა გენერალური დირექტორთან გუიდო დე სანკტისთან.

ქეთევან ციხელაშვილმა უცხოელ პარტნიორებს გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, მიაწოდა ინფორმაცია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ბანერების აღმართვის, სხვადასხვა ფორტიფიკაციის მშენებლობის, უკანონო დაკავებების, ადგილობრივი მოსახლეობისთვის საკუთარ მიწაზე წვდომის შეზღუდვის, მათ შორის ბოლო პერიოდში დაფიქსირებული ფაქტების შესახებ.

სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრებზე, ასევე, ისაუბრა საქართველოს მთავრობის შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ. ხაზი გაესვა ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპული სტრუქტურების მხრიდან სამშვიდობო პოლიტიკის მხარდაჭერის უდიდეს მნიშვნელობას.

საუბარი შეეხო ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის განათლების ხელმისაწვდომობის გამარტივების მექანიზმების შემუშავების აუცილებლობას, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში.