ერგნეთში მორიგი შეხვედრა გაიმართა 12.07.2017

სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 79-ე შეხვედრა გაიმართა.

მონაწილეებმა წინა შეხვედრის შემდგომ პერიოდში დაფიქსირებული ინციდენტები, უკანონო დაკავებები და გადაადგილების თავისუფლების საკითხი განიხილეს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ბოლო პერიოდში გამყოფ ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების უკანონოდ აღმართვის საკითხზე. აღინიშნა, რომ ეს ბარიერები არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებს და უქმნის მათ მნიშვნელოვან პრობლემებს, ასევე აზიანებს უსაფრთხოების გარემოს.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააყენეს ცხინვალის იზოლატორში მყოფი გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლების საკითხი.

ერგნეთში მომდევნო შეხვედრა 7 სექტემბერს გაიმართება.

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებზე ქართულ მხარეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი წარმოადგენენ.