"მე ვწერ ქართულად"

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების IX კლასის მოსწავლეებისთვის აცხადებს კონკურსს სახელწოდებით „მე ვწერ ქართულად“.

კონკურსის მიზანი სახელმწიფო ენის პოპულარიზაცია, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეებისთვის სახელმწიფო ენაზე წერითი კომპეტენციების განვითარება/წახალისებაა.

კონკურსი კამპანიის „მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა“ ფარგლებში გაიმართება, რომელსაც საფუძველი ლიეტუვაში  , ვილნიუსის უნივერსიტეტში,  2016 წელს ჩაეყარა.


კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

  • პირველი ეტაპი - თითოეულმა არაქართულენოვანმა სკოლამ/სექტორმა უნდა შეარჩიოს და შესაბამის რესურს-ცენტრს წარუდგინოს IX კლასის მოსწავლის ერთი კანდიდატურა. სკოლა თავისუფალია შერჩევის კრიტერიუმების განსაზღვრაში; 
  • მეორე ეტაპი ყველა რესურს-ცენტრში ერთდროულად ჩატარდება 8 აპრილს. სკოლებიდან წარმოდგენილ მოსწავლეებს თითოეულ რესურს-ცენტრში ჩაუტარდებათ საშუალო სირთულის, 120/130 სიტყვის მოცულობის ტექსტის კარნახი. წერის დრო იქნება შეზღუდული; რესურს-ცენტრებს საკონკურსო ტექსტი ელექტრონულად მიეწოდებათ 8 აპრილს; ნაწერები იმავე დღეს გასწორდება რესურს-ცენტრში შექმნილი კომისიის მიერ. თითოეული რესურს-ცენტრის მიერ გამოვლინდება ორი გამარჯვებული, რომელიც წარედგინება კონკურსის დასკვნითი ეტაპის ჩატარებაზე პასუხისმგებელ პირს; 
  • მესამე ეტაპი - რესურს-ცენტრების მიერ წარმოდგენილი კონკურსანტებისათვის  თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება 14 აპრილს;

დასკვნითი ეტაპი  ორ რაუნდს ითვალისწინებს:
  • პირველი რაუნდი - მოსწავლეებს ჩაუტარდებათ საშუალო სირთულის 150 სიტყვის მოცულობის ტექსტის კარნახი შეზღუდულ დროში; საკონკურსო კომისიის მიერ გამოვლინდება პირველი რაუნდის გამარჯვებულები; პირველი რაუნდის მონაწილეთა 50% შედეგების გათვალისწინებით და კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად გადადის მეორე რაუნდში;
  • მეორე რაუნდი - მოსწავლეები დაწერენ რთული ტექსტის კარნახს 150 სიტყვის მოცულობით; ტექსტში, რომელსაც შეადგენს თანამედროვე მწერალი, სიტყვათა 30% უნდა იყოს ისეთი სიტყვები, რომელიც არ არის მოსწავლეთა ყოველდღიურ სასაუბრო ლექსიკონში;
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ შეიქმნება კომისია, რომელიც გამოავლენს 3 გამარჯვებულს;


ვადები
  • არაქართულენოვანი სკოლების მიერ რესურს-ცენტრებისათვის კონკურსში მონაწილე კანდიდატურების წარდგენა  არაუგვიანეს 2019 წლის 5 აპრილისა;
  • რესურს-ცენტრებში კონკურსის ჩატარება არაუგვიანეს 2019 წლის 8 აპრილისა; 
  • თითოეული რესურს-ცენტრის მიერ ელექტრონული ფორმით ორი გამარჯვებულის წარდგენა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის არაუგვიანეს 10 აპრილისა, შემდეგ მისამართზე: r.asatiani@smr.gov.ge; საკონტაქტო პირი: რუსუდან ასათიანი - ტელ.: 2921650
  • დასკვნითი ტურის ჩატარება 14 აპრილს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მონაწილეობას მიიღებენ რესურს-ცენტრების მიერ წარმოდგენილი კანდიდატები;
  • გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება შედგება 14 აპრილს, ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე;

დაჯილდოება:
გამარჯვებული კონკურსანტები დაჯილდოვდებიან სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით. თითოეულ მონაწილეს გადაეცემა  სიგელი და სიმბოლური საჩუქარი.